ეკონომიკისა მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსი ჯუბო ტურაშვილი და ნავთობისა და გაზის კორპორაციის დირექტორი ტექნიკურ საკითხებში შალვა კიკნაველიძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითთან „ქუთაისი-სოხუმის“ მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის (DN500) განშტოების 23-34 კმ-ზე მდინარის მარჯვენა ნაპირის გამაგრების სამუშაოებს გაეცნენ.

გაზსადენი, რომელიც დასავლეთ საქართველოს გაზმომარაგებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, მდინარე სუფსასთან ახლოს მდებარეობს. წლების განმავლობაში მდინარის ადიდების ხშირმა შემთხვევებმა, რომლებიც, მილსადენის მიმდებარე ტერიტორიის გარდა, სოფელ ძიმითის მოსახლეობის კუთვნილ მიწის ნაკვეთებსაც უქმნიდა საფრთხეს, მასშტაბური ნაპირსამაგრი დამბის აშენებისა და მილსადენის დამატებითი დაცვის საჭიროება შექმნა.

"ჩვენი ქვეყნის მაცხოვრებლების უსაფრთხო და საიმედო გაზმომარაგება საქართველოს მთავრობის ერთ - ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებას წარმოადგენს. სოფელ ძიმითში სტიქიამ დააზარალა როგორც ინფრასტრუქტურა, ისე მოსახლეობა. ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ ხორციელდება ნაპირსამაგრი სამუშაოები, რათა სამომავლოდ მაგისტრალური მილსადენის დაზიანება თავიდან იქნას აცილებული. შედეგად, დასრულდება მილსადენის რეაბილიტაცია, რაც პირდაპირ აისახება როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლების, საოჯახო მეურნეობებისა და მცირე და საშუალო ბიზნესის უწყვეტ გაზმომარაგებაზე,"- განაცხადა ჯუბო ტურაშვილმა.

"სოფელ ძიმითში ნაპირსამაგრი სამუშაოები სრულდება. პროექტის განხორციელება ქუთაისი - სოხუმის მაგისტრალური გაზსადენის უსაფრთხო ფუნქციონირებისთვის, რეგიონის გაზმომარაგების უწყვეტობისთვის, უმნიშვნელოვანესია. ამ მონაკვეთში მდინარე ხშირად აზიანებდა ადგილობრივი მოსახლეობის სასოფლო - სამეურნეო სავარგულებს. სამუშაოებს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ტექნიკური სამსახური ახორციელებს,"- აღნიშნა შალვა კიკნაველიძემ.

ადგილზე მობილიზებულია კორპორაციის კუთვნილი ტექნიკა და სამუშაო ძალა. შედეგად, სრულად აღმოიფხვრება წყლის მიერ ნიადაგის მორეცხვის პრობლემა და გაიზრდება განშტოების უსაფრთხოება.

ნაპირსამაგრი სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა და უახლოეს პერიოდში დასრულდება.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს