კომპანია „ორბი ჯგუფი“ თბილისში, ყაზბეგის გამზირზე „ცენტრალ პარკ თაუერის“ მშენებლობის დასრულების ვადის გახანგრძლივებას 3 წლით ითხოვს, - ამის შესახებ არქიტექტურის სამსახურის ვებ გვერდიდან ირკვევა.
თავდაპირველად 42 სართულიანი ორი ცათამბჯენის პროექტის დასრულება 2025 წლის ბოლოს იგეგმებოდა, თუმცა როგორც ბოლო ინფორმაციიდან ირკვევა, „ორბი ჯგუფი“ ვადის 36 თვით გახანგრძლივებას ითხოვს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, „ორბი ჯგუფმა“ ერთი თვის წინ მსოფლიო ბრენდთან Planet Hollywood-თან ისტორიულ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რომლის შედეგადაც აღნიშნული პროექტი პირველი ინტეგრირებული რეზორტი იქნება კავკასიაში. პროექტი „ორბი ჯგუფთან“ და „ბლოკ ჯგუფთან“ პარტნიორობით, 500 მილიონი დოლარის ღირებულების, 140,000 მ² ფართობის, 1200 ნომრიანი კაზინო-სასტუმროს კომპლექსი იქნება, რომელიც გააერთიანებს საერთაშორისო სასტუმროებს, ლუქს კლასის რითეილს, გასტრონომიასა და გასართობ ინფრასტრუქტურას.
როგორც კომპანიის ვებ გვერდიდან ირკვევა 1 კვ.მ.-ის ფასი ამ დროისთვის 6600 დოლარიდან იწყება და 10 000 დოლარს აღწევს (ფასი სართულების ზრდასთან ერთად იზრდება).
რაც შეეხება პროექტის გავლენას დედაქალაქზე, თუ რა პრობლემების წინაშე შესაძლოა აღმოჩნდეს აღნიშნული ტერიტორია საგზაო მოძრაობის კუთხით და რამდენად შეძლებს დიდი რაოდენობის ნაკადების გატარებას არსებული ინფრასტრუქტურა, ამის შესახებ „კომერსანტთან“ სფეროს წარმომადგენლები აქტიურად საუბრობდნენ.
საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ავტომრბოლელი მევლუდ მელაძე ამბობდა, რომ კონკრეტულ მონაკვეთზე ყოველდღიურად ისედაც გადატვირთული მოძრაობა და საგზაო კოლაფსია, გეგმაში კი რამდენიმე დიდი პროექტი უკვე არსებობს, ამიტომ წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება მიიღოს სატრანსპორტო ნაკადები ასეთმა გრანდიოზულმა შენობებმა, განსაკუთრებით პიკის საათებში. მისი თქმით, ქალაქის ცენტრში, სადაც ისედაც პარალიზებულია საგზაო მოძრაობა, დიდი სასტუმროების ქსელის მშენებლობა არასწორია.
ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორი ირაკლი იზორია კი განმარტავდა, რომ ხშირია შემთხვევები როდესაც მსხვილი პროექტები ხორციელდება და არ არის გათვალისწინებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ამიტომ ფაქტობრივად ტროტუარებზე ხდება ავტომანქანების გაჩერება, გზა არის გადატვირთული და საპარკინგე ადგილებზე არასწორი პარკირება შეინიშნება, რაც ძალიან დიდ ქაოსს და პრობლემებს ქმნის


