მთავრობამ თბილისის შემოვლითი მაგისტრალის 22.5-კილომეტრიანი, ავჭალა-აეროპორტის მონაკვეთის ტენდერის დასრულება ხელმეორედ, ამჯერად, 1 ივნისამდე გადაავადა.
ტენდერი 2026 წლის თებერვალში გამოცხადდა და ის თავდაპირველი გეგმით 15 აპრილს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ის ჯერ 8 მაისამდე, ახლა კი 1 ივნისამდე გადავადდა. გადავადების მთავარი მიზეზი კომპანიების მიერ წარდგენილი განცხადებები იყო, რომლის მიხედვითაც მათ პროექტის მოსამზადებლად დამატებითი დრო სჭირდებათ.
გამოცხადებული ტენდერი ორი ძირითადი სეგმენტის მშენებლობას გულისხმობს:
ავჭალა–გლდანის 5.8-კილომეტრიანი მონაკვეთი;
გლდანი–აეროპორტის 16.7-კილომეტრიანი მონაკვეთი.
გეგმის მიხედვით, მაგისტრალი იქნება 4-ზოლიანი და რთულ საინჟინრო ნაგებობებს მოიცავს: 16 ხიდს, 4 პარალელურ გვირაბსა და 4 სატრანსპორტო კვანძს. გზა სათავეს ავჭალის სარკინიგზო ხიდთან იღებს, მიემართება სამხრეთ-აღმოსავლეთით და დიდი ლილოს შესასვლელთან, ლილოს ბაზრობამდე სრულდება.
უკვე დასრულებულია გზის მეორე ლოტის - წიწამური-ავჭალის 7.3-კილომეტრიანი მონაკვეთის სამშენებლო ტენდერი, რომელშიც წინადადება ათმა კომპანიამ წარადგინა. იმის მიუხედავად რომ ტენდერის სავარაუდო ღირებულება 490 მილიონ ლარს შეადგენდა, მასში მონაწილე არცერთ კომპანიას 490 მილიონზე დაბალი თანხა არ წარუდგენია და მიღებული შეთავაზებები 520 მილიონი ლარიდან 952 მილიონ ლარამდე მერყეობს. ამჟამად სამინისტრო აღნიშნული წინადადებების შეფასების პროცესშია.