საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსა და შვედეთის მომხმარებლის დაცვის სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი, შვედეთში გამართული სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, GCCA-ის თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ და KOV-ის გენერალურმა დირექტორმა ლენა არონსონმა მოაწერეს.

მემორანდუმი მიზნად ისახავს უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, გამოცდილებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში არსებული საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას.

შვედეთში GCCA-ის თავმჯდომარის ვიზიტი კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ International Consumer Protection and Enforcement Network-ის (ICPEN) პრეზიდენტობას უკავშირდება. უწყება ICPEN-ის პრეზიდენტობას მიმდინარე წლის 1-ლი ივლისიდან გადაიბარებს და სექტემბერში მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს, რომელსაც 80-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი დაესწრება.

ICPEN-ი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მომხმარებელთა დაცვის ორგანოებს აერთიანებს და მიზნად ისახავს ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის გაძლიერებას, ასევე მომხმარებელთა ინტერესების ეფექტიან დაცვას გლობალურ დონეზე.

მემორანდუმის გაფორმების პარალელურად, შვედეთში გამართული სასწავლო სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, მხარეებმა იმსჯელეს მომხმარებელთა უფლებების დაცვის პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელების გზებზე, არსებულ გამოწვევებზე, მარეგულირებელი ჩარჩოს განვითარებასა და აღსრულების მექანიზმების გაუმჯობესებაზე. შეხვედრებისას ასევე განისაზღვრა სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები.

შეხვედრებზე განიხილეს არაკეთილსინდისიერი კომერციული პრაქტიკების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული საკითხები. აგრეთვე, იმსჯელეს ისეთ თემებზე, როგორიცაა: პროდუქტის უსაფრთხოების ზედამხედველობა, ტურიზმის/სატრანსპორტო მომსახურების სფეროებში მომხმარებელთა უფლებების დაცვა და ციფრულ სივრცეში გავრცელებული ე.წ. „დარქ პატერნების“ რეგულირება.

ღონისძიებებსა და მემორანდუმის ხელმოწერის პროცესში აქტიურად იყო ჩართული შვედეთის სამეფოში საქართველოს საელჩო.

ირაკლი ლექვინაძის დელეგაციის შემადგენლობაში მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსი სერგო სანიკიძე და დეპარტამენტის თანამშრომლები - სანდრო ალაფიშვილი და ნუცა ფუტკარაძე იყვნენ. შეხვედრებს ასევე ესწრებოდა შვედეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი ივლიანე ძნელაძე.

ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს