თბილისის მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციის დასრულების ვადა კიდევ ერთხელ გადაიწია. ახალი შეთანხმებით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და სამუშაოების შემსრულებელ „ბადა ქონსთრაქშენს“ შორის შეთანხმების საფუძველზე, პროექტი 2026 წლის 30 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.

ცვლილება მხოლოდ სამუშაოების ვადას არ შეეხება, მხარეებმა კონტრაქტით გათვალისწინებული რეაბილიტაციის გარკვეული პირობებიც დააკორექტირეს.

კერძოდ, მგზავრთა მოსაცდელი დარბაზისა და დახრილი გვირაბის ჭერის მოსაპირკეთებლად თავდაპირველად გათვალისწინებული აკვაპანელის ნაცვლად ალუმინის ფირფიტების გამოყენება გადაწყდა.

ასევე შეიცვალა იატაკის მოპირკეთების გადაწყვეტა კერამოგრანიტის დაგების ნაცვლად არსებული ბუნებრივი გრანიტი შენარჩუნდება, რომელსაც მოხვეწენ და გააპრიალებენ. სალიანდაგო კედელზე კი კერამოგრანიტის ნაცვლად გრანიტის ფილები განთავსდება.

ცვლილებების შედეგად ხელშეკრულების ჯამური ღირებულება 13 240 611 ლარამდე განისაზღვრა. ამ ეტაპზე თბილისის სატრანსპორტო კომპანიას კონტრაქტორისთვის უკვე გადახდილი აქვს 9 380 792 ლარი, რაც ხელშეკრულების ღირებულების დაახლოებით 71%-ია.

მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია 2022 წლის 21 დეკემბერს დაიწყო. პროექტის თავდაპირველი ვადა 18 თვე იყო და სამუშაოები 2024 წლის 21 ივნისამდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა რეაბილიტაციის დასრულების თარიღი რამდენჯერმე შეიცვალა.

2025 წლის 12 ივლისს სადგური 45 დღით დაიხურა. ამ პერიოდში სპეციალური სამუშაოები ჩატარდა ბაქნისა და დახრილი გვირაბების ჭერზე, ასევე მიმდინარეობდა მათი გაწმენდა. ქვედა ვესტიბიულში უკვე მოეწყო მგზავრთა მოსაცდელი სივრცეც.

სამუშაოები 2025 წლის 5 სექტემბრიდან შეჩერებულია. ამის მიზეზი ზედა ვესტიბიულის ჭერის მდგომარეობის შესწავლა გახდა. რეაბილიტაციის პროცესში აღმოჩნდა, რომ კონსტრუქციას დაზიანებები ჰქონდა.

2025 წლის 23 სექტემბრის დასკვნის მიხედვით, ზედა ვესტიბიულის ჭერზე არსებული ძალოვანი ბზარების ზომა დაუშვებელი იყო და არ შეესაბამებოდა მოქმედი ნორმებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

ამის შემდეგ კონტრაქტორი სამუშაოების გასაგრძელებლად შესაბამის ნებართვას ელოდებოდა.