Wizz Air-ის მგზავრებს კისრის ბალიშის თვითმფრინავის ბორტზე ცალკე, უფასო ნივთის სახით ატანა აღარ შეუძლიათ — ავიაკომპანიის მოქმედი წესების მიხედვით, ბალიში ხელბარგში უნდა მოთავსდეს.
Wizz Air-ის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, თითოეულ მგზავრს უფასოდ შეუძლია ბორტზე ერთი ხელბარგის ატანა, რომლის მაქსიმალური ზომა 40×30×20 სანტიმეტრია, ხოლო წონა — 10 კილოგრამი. ჩანთა მგზავრის წინა სავარძლის ქვეშ უნდა მოთავსდეს.
უფასო ხელბარგის გარდა, WIZZ Priority-ის მქონე მგზავრებს შეუძლიათ დამატებითი trolley bag-ის ატანა. მისი მაქსიმალური ზომაა 55×40×23 სანტიმეტრი, ხოლო წონა — 10 კილოგრამი.
ამასთან, ავიაკომპანია დამატებით რამდენიმე ნივთს უშვებს ბორტზე ცალკე საფასურის გარეშე. მათ შორისაა ქურთუკი ან პლედი, მობილური ტელეფონი, ფრენისთვის საჭირო საკითხავი მასალა, უსაფრთხოების კონტროლის გავლის შემდეგ duty-free ზონაში შეძენილი ნივთები და გარკვეული ნივთები ჩვილებისთვის. უფასოდ დაშვებულია ასევე ყავარჯნების ერთი წყვილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მგზავრებისთვის.
თუმცა ამ ჩამონათვალში კისრის ბალიში არ შედის.
Wizz Air-ის განმარტებით, კისრის ბალიში ცალკე უფასო ნივთად არ ითვლება. შესაბამისად, მგზავრმა ის თავისი ხელბარგის შიგნით უნდა მოათავსოს. თუ ბალიში ჩანთაში არ ეტევა და მგზავრი მას ცალკე ატარებს, ავიაკომპანიამ შესაძლოა დამატებით ნივთად ჩათვალოს და შესაბამისი ზედმეტი ზომის ან ჭარბი ბარგის საფასური დააკისროს.
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ მგზავრებისთვის, რომლებიც Wizz Air-ის ყველაზე იაფ ტარიფს ირჩევენ და მხოლოდ მცირე ზომის უფასო ხელბარგით მგზავრობენ. ასეთ შემთხვევაში კისრის ბალიშის ჩანთის გარეთ ტარებამ შესაძლოა დამატებითი ხარჯი გამოიწვიოს.
ავიაკომპანია ასევე მიუთითებს, რომ ბარგის დადგენილ ზომებსა და წონაზე გადაჭარბებამ დამატებითი საფასური შეიძლება გამოიწვიოს. დამატებითი ბარგის შეძენა შესაძლებელია როგორც ბილეთის დაჯავშნისას, ისე მოგვიანებით, მათ შორის WIZZ Priority-ის დამატებით.
აღსანიშნავია, რომ Wizz Air-ის ზოგად პირობებშიც ცალკე უფასოდ დასაშვები ნივთების ჩამონათვალში კისრის ბალიში არ ფიგურირებს.