მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტში ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობისთვის „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ 15 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 15.047 მილიონ ლარს შეადგენს.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ახალი სამგზავრო ტერმინალის სამშენებლო სამუშაოების შესრულება. საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, შენობა თანამედროვე ფასადისა და შემინული კონსტრუქციების გამოყენებით მოეწყობა.

ახალი ტერმინალი რამდენიმე ფუნქციურ სივრცეს გააერთიანებს. მათ შორის იქნება მოსაცდელი და სარეგისტრაციო ზონები, გამგზავრებისა და ჩამოფრენის დარბაზები, ბარგის ცირკულაციის, გაცემისა და მიღების სივრცეები, უსაფრთხოების კონტროლის ზონა და საოფისე ფართები.

პროექტის არქიტექტურული ნაწილი კომპანია „გრინ სტუდიოს“ მიერ არის მომზადებული.

ტერმინალის პროექტით გათვალისწინებული ფართობები ასეთია:

  • გამგზავრების ზონა — 156 კვ.მ;
  • ჩამოფრენის ზონა — 109 კვ.მ;
  • გამგზავრების დარბაზი — 160 კვ.მ;
  • ჩამოფრენის დარბაზი — 167 კვ.მ;
  • შენობის საერთო ფართობი — 950 კვ.მ;
  • კეთილმოწყობილი ტერიტორია, პარკინგის ჩათვლით — 11 600 კვ.მ.

ტენდერში მონაწილე კომპანიას 2022 წლის 1 იანვრიდან წინადადებების მიღების დასრულებამდე პერიოდში ჯამში არანაკლებ 26 მილიონი ლარის, დღგ-ის ჩათვლით, სამშენებლო სამუშაოების შესრულების გამოცდილება უნდა ჰქონდეს.

გარდა ამისა, პრეტენდენტს იმავე პერიოდში შესრულებული უნდა ჰქონდეს მსგავსი სირთულის მინიმუმ ერთი შენობის მშენებლობა, რომლის ღირებულებაც არანაკლებ 10 მილიონი ლარი იქნება. ალტერნატიულად, კომპანიას შეუძლია წარადგინოს ორი მსგავსი ობიექტის მშენებლობის გამოცდილება, რომელთა ჯამური ღირებულება მინიმუმ 16 მილიონ ლარს შეადგენს.

სატენდერო დოკუმენტაციაში მსგავსი სირთულის ობიექტებად ადმინისტრაციული, კომერციული, სოციალურ-კულტურული და სატრანსპორტო დანიშნულების შენობები განიხილება, მათ შორის აეროპორტები და სადგურები.

ტერმინალის მშენებლობის საბოლოო ვადა სატენდერო დოკუმენტაციისა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად დადგინდება.

ტენდერში წინადადებების მიღება 25 სექტემბერს დაიწყება და 30 სექტემბერს დასრულდება.