თბილისში ახალი მეტროსადგურების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის და მშენებლობის შესყიდვის თაობაზე "თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ" ბაზრის კვლევა გამოაცხადა.
როგორც დოკუმენტაციიდან ირკვევა, იგეგმება გლდანისა და ვარკეთილის მიმართულებებით თბილისის მეტროპოლიტენის პირველი ხაზის გაგრძელება.
პროექტის ფარგლებში უნდა აშენდეს მეტრო, მოეწყოს ხიდები, გვირაბები და შახტები.
დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, რომ მეტროს ხაზის პერსპექტიული დაგრძელების ჯამური სავარაუდო სიგრძე: 5.2 კმ-ია.
მათ შორის:
გლდანის მიმართულება: 2.2 კმ;
ვარკეთილის მიმართულება: 3 კმ.
უნდა დაპროექტდეს 4 სადგური, 2 გლდანის (ერთი არსებული და მეორე ახალი) და 2 ვარკეთილის (ერთი არსებული და მეორე ახალი) მიმართულებით. რაც შეეხება ასაშენებელი სადგურების რაოდენობას, უნდა აშენდეს თითო-თითო სადგური გლდანისა და ვარკეთილის მიმართულებებზე.
პრეტენდენტს 2010 წლიდან უნდა გააჩნდეს უნდა გააჩნდეს ახალი მეტროპოლიტენის დაპროექტებისა და მშენებლობის გამოცდილება. კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში შესრულებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ ორი ახალი მეტროპოლიტენის ხაზისა და არანაკლებ 5 მეტროპოლიტენის სადგურის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, (მათ შორის არანაკლებ 2 (ორი) მეტროს სადგურში დახრილი საესკალატორო გვირაბისა და ესკალატორის პროექტირება). პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს მშენებლობის ანალოგიური გამოცდილება.
შესყიდვაზე წინადადებების მიღება 2026 წლის 27 თებერვალს იწურება.
შეგახსენებთ, რომ გლდანისა და ვარკეთილის მხარეს ახალი მეტროსადგურების დამატებასთან დაკავშირებით განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ გასული წლის სექტემბერში გააკეთა. კერძოდ, მისი თქმით, გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, მერიამ გადაწყვიტა რომ მეტროსადგური პირველ ხაზზე, ორივე მიმართულებით, როგორც ახმეტელის მეტროსადგურის, ისე ვარკეთილის მეტროსადგურის მიმართულებით დაემატება თითო სადგური.
აღსანიშნავია, რომ ორივე საპროექტო სადგურის შემთხვევაში საგრძნობლად შემცირდება იმ მგზავრთა რაოდენობა, რომელსაც სადგურის მოედნამდე მისასვლელად სჭირდებოდა ორჯერ გადაჯდომა. ამასთან, შემცირდება მათი მგზავრობის საერთო დრო თითქმის 20 წუთით. პროექტი გააუმჯობესებს საფეხმავლო და მისაწვდომობას. მეტროსადგურების უახლესი უბნები მიზიდულობის წერტილებად იქცევა და გაიზრდება ეკონომიკური აქტივობა,“ - აღნიშნა კალაძემ.