საქართველოსა და საერთაშორისო ბაზარზე მოქმედი მსხვილი სატრანსპორტო - ლოგისტიკური კომპანია Kairos Logistics ქართულ ბაზარზე საქმიანობას აფართოებს.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ Kairos Logistics-ის გაყიდვების ხელმძღვანელმა, შოთა ავალიანმა განუცხადა, კომპანია მალე, ფოთში საკუთარ ტერმინალს გახსნის.
„პროექტზე მუშაობა, თითქმის, 2 წელია მიმდინარეობს და ტერმინალი, სავარაუდოდ, 2026 წლის ბოლოს, ან 2027 წლის იანვარში დაიწყებს ოპერირებას. ტერმინალს ექნება საბაჟო საწყობი და რკინიგზის ჩიხი“, - განმარტა შოთა ავალიანმა.
მისივე თქმით, ახალი ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის მეშვეობით, Kairos Logistics შეძლებს ევროპიდან ტვირთების მიღებას, გადამუშავებას და საქართველოს გავლით, შუა აზიაში გადაგზავნას.
Kairos Logistics-ის გაყიდვების ხელმძღვანელის განცხადებით, კომპანიას ფოთში ტერმინალი ამჟამადაც აქვს, თუმცა იჯარით აღებული და არა - საკუთარი.