დედაქალაქში საცობების პრობლემის მოსაგვარებლად მერის მიერ გაჟღერებულმა ინიციატივამ - „კენტი და ლუწის ნომრების“ სისტემის ან ფასიანი ზონების შემოღების შესახებ, საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო პრაქტიკა მსგავს მიდგომებს იცნობს, დარგის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ თბილისში ეს მეთოდი მოსახლეობისთვის დიდი თავისტკივილი იქნება, მით უმეტეს, რომ მრავალი ოჯახისთვის ავტომობილი შემოსავლის ძირითადი წყაროა.
კრიზისის განსამუხტად შეზღუდვების ნაცვლად ინფრასტრუქტურული ზომებია საჭირო: ქუჩების გამტარუნარიანობის გაზრდა, შუქნიშნების ოპტიმიზაცია, სამოძრაო ზოლების შენარჩუნება და ახალი ხიდებისა თუ პანდუსების დამატება.
სატრანსპორტო რეგულაციების მსოფლიო გამოცდილებაზე საუბრისას, ურბანისტი ირაკლი იზორია ყურადღებას ამახვილებს იმ რისკებსა და ალტერნატივებზე, რომლებიც თბილისის რეალობაში უნდა გავითვალისწინოთ.
„კენტ და ლუწ სანომრე ნიშნების შემოღებასთან დაკავშირებით სხვადასხვა მიდგომა არსებობს, თუმცა გლობალური პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ზოგან ამან გაამართლა, ზოგან - არა. შესაძლოა, შეზღუდვა დაწესდეს კონკრეტული საათების მიხედვით, გააჩნია, რამდენად რთული და ინტენსიური მოძრაობაა ამა თუ იმ ლოკაციაზე. ასე, ერთი ხელის მოსმით განცხადება, რომ ამის შემოღებით საცობები განიტვირთება, მცდარია. ზოგიერთ ქვეყანაში, სადაც ეს შეზღუდვა შემოიღეს, სოციალური უთანასწორობის პრობლემა გაჩნდა.
ეს მიდგომა ტოკიომ ოლიმპიადის დროს გამოიყენა, მან კარგად იმუშაა, თუმცა ხანგრძლივმა გამოყენებამ აჩვენა, რომ ეს პრაქტიკა არაეფექტურია. შედეგად, ქალაქები ფასიანი ქუჩების სისტემაზე გადავიდნენ, როგორც ეს ლონდონში, შვედეთსა და იტალიაშია - ე.წ. დაბინძურების გადასახადზე.
აქვე უნდა ითქვას, რომ თუ კონკრეტული ქუჩების კვლევა და მანქანების ნაკადის დათვლა არ მოხდება, ასეთი მეთოდის ერთი ხელის მოსმით დანერგვა შესაძლოა, სხვა პრობლემის წყარო გახდეს და გვერდითა, ქუჩების გადატვირთვა გამოიწვიოს. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ არც ერთი ინიციატივაა ასე სასწრაფოდ მისაღები არ არის," - განუცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსს" იზორიამ.
სანომრე ნიშნების შეზღუდვასაც თავისი რისკები აქვს. ამიტომ ეს ძალზე დასაფიქრებელი ინიციატივაა, რომელიც უამრავ ნიუანსსა და სირთულეს შეიცავს. ამიტომაც, ერთადერთ რეალურ ალტერნატივად საზოგადოებრივი ტრანსპორტის განითარებას მიიჩნევს.
,,მაგალითად, შესაძლოა ოჯახი განსაკუთრებული საჭიროების მქონე იყოს და მანქანის გადაადგილების გარდა სხვა ალტერნატივა არ გააჩნდეს. ასევე, პრობლემები შეექმნათ შშმ პირებსაც. ამიტომ ეს ძალზე დასაფიქრებელი ინიციატივაა.
ჩვენი ქუჩები უკვე დაპროექტებულია და ამას ძირითადად ვეღარ შევცვლით, ამიტომ ერთადერთ გამოსავლად საზოგადოებრივი ტრანსპორტის მაქსიმალური განვითარება მიმაჩნია. აუცილებელია, მოქალაქეებს კომფორტული, სწრაფი და ხელმისაწვდომი საზოგადოებრივი ტრანსპორტი შევთავაზოთ, რათა თავიდან ავიცილოთ კერძო ავტომობილებით მასობრივი გადაადგილება,“ - განუცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსს" იზორიამ.
ნებისმიერი ტიპის შეზღუდვა ან ახალი რეგულაცია ნაჩქარევად, საფუძვლიანი წინასწარი კვლევების გარეშე, მოსალოდნელ შედეგს ვერ მოიტანს და შესაძლოა, არსებული პრობლემები კიდევ უფრო გაააღრმავოს. „ჩემი ქალაქი მკლავს“ დამფუძნებლის გიორგი ჯაფარიძის, აზრით სანამ ქალაქში სამშენებლო პროცესები არ გაკონტროლდება და ინფრასტრუქტურა არ განვითარდება, ნებისმიერი შეზღუდვა მხოლოდ სოციალურ უთანასწორობას გაზრდის.
„არ იშლება ქალაქი, არ ემატება ესტაკადები და მეტროსადგურები. ეს ყველაფერი თუ არ გაკეთდება და თუ ასეთი ქაოსური განაშენიანება გაგრძელდება, შედეგი იქნება ნული. იმ შემთხვევაში, თუ თბილისში მსგავს შეზღუდვებს შემოიღებენ, საბოლოოდ გამოვა ის, რომ ვისაც საშუალება აქვს იყიდის მეორე ავტომობილს. მივიღებთ უფრო მეტ ტრანსპორტს და მუდმივად დაკავებულ საპარკინგე სივრცეებს“, - განაცხადა გიორგი ჯაფარიძემ.
მისივე თქმით, ძველი თბილისისა და სხვა უბნების მაგალითზე, სადაც ინტენსიური განაშენიანება არ წყდება, ფასიანი ზონების ევროპული პრაქტიკის გადმოტანა შედეგს ვერ გამოიღებს - შესაძლოა, მცირე ეფექტი მხოლოდ თავიდან იყოს, საბოლოოდ კი მაინც ქაოსი მივიღოთ.