დევიდ ბექჰემის კომპანია DB Ventures-მა პარფიუმერიის მწარმოებელ Coty-ს წინააღმდეგ სასამართლო დავა დაიწყო. დავის მიზეზი ბექჰემის სახელობის სუნამოების ისეთ სავაჭრო ობიექტებში გაყიდვა გახდა, რომლებიც სალიცენზიო შეთანხმებით გათვალისწინებული არ ყოფილა. როგორც გამოცემა The Guardian წერს, კომპანიამ პროდუქცია ბრიტანულ დაბალბიუჯეტიან საცალო ქსელ Poundland-სა და ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგურის ფასდაკლებულ პროდუქციაზე განკუთვნილ თაროზე აღმოაჩინა.
DB Ventures-ის იურისტების მტკიცებით, Coty-მ ბექჰემის ბრენდის პროდუქცია მინიმუმ 24 მილიონი დოლარის ღირებულებით არაუფლებამოსილი სადისტრიბუციო არხებით გაავრცელა. კომპანიის განცხადებით, აღნიშნული პრაქტიკა აზიანებს ბრენდის იმიჯს, რომელიც წლების განმავლობაში პრემიუმსეგმენტზე იყო ორიენტირებული. იურისტების შეფასებით, ბექჰემის სახელის მქონე პროდუქციის იაფფასიან სავაჭრო ობიექტებში განთავსება მის ბრენდს დაბალფასიან პროდუქციასთან აკავშირებს.
სარჩელის მიხედვით, დავა მხოლოდ პროდუქციის გავრცელების არხებს არ უკავშირდება. DB Ventures Coty-ს გაყიდვების მოცულობის არასრულად ასახვაშიც ადანაშაულებს. კომპანიის მტკიცებით, Coty-მ წმინდა გაყიდვები 123 მილიონი დოლარით ნაკლებად აღრიცხა, რის შედეგადაც DB Ventures-ს დაახლოებით 6 მილიონი დოლარის სალიცენზიო ჰონორარი დააკლდა. კომპანია ზიანისა და კომპენსაციის სახით ჯამში 41 მილიონ დოლარს ითხოვს.
Coty ბრალდებებს უარყოფს და სასამართლოს საქმის შეწყვეტას სთხოვს. კომპანია ამტკიცებს, რომ ბექჰემის სუნამოები Poundland-ისთვის თავად არ მიუწოდებია და სალიცენზიო შეთანხმება მას პროდუქციის გაყიდვის ადგილების დამოუკიდებლად განსაზღვრის უფლებას ანიჭებს. ამასთან, Coty-სა და ბექჰემის ბრენდს ათ წელზე მეტი ხნის თანამშრომლობა აკავშირებთ, რომლის ფარგლებშიც 30-ზე მეტი სხვადასხვა სუნამო შეიქმნა. დიდ ბრიტანეთში ერთი ფლაკონის ფასი დაახლოებით 20 ფუნტია.