გერმანიის უმსხვილესი ბანკის, Deutsche Bank-ის, 15 მილიონზე მეტი გაჟონილი შიდა დოკუმენტი ბანკში მმართველობის, შესაბამისობის კონტროლისა და ოპერაციული საქმიანობის სისტემურ ხარვეზებზე მიუთითებს. Financial Times-ის მიერ 200-ზე მეტ ჟურნალისტთან თანამშრომლობით ჩატარებული გამოძიების თანახმად, ბანკში პრობლემები წლების განმავლობაში გრძელდებოდა, მიუხედავად ხელმძღვანელობის არაერთი დაპირებისა, რომ ფინანსური ინსტიტუტი საქმიანობას ძირეულად შეცვლიდა.

დოკუმენტები, მათ შორის ელექტრონული მიმოწერა, შიდა მოკვლევები, დირექტორთა საბჭოს ოქმები და თანამშრომელთა ჩატები, ბანკის აღმასრულებელი დირექტორის, კრისტიან სევინგის საქმიანობასაც ეხება. 2018 წელს თანამდებობის დაკავების შემდეგ სევინგი ბანკის რეფორმირებასა და რისკების შემცირებას დაჰპირდა აქციონერებს, თუმცა გაჟონილი მასალები აჩვენებს, რომ შიდა კომუნიკაციაში ის ზოგჯერ უფრო მაღალი რისკების აღების მომხრე იყო და მარეგულირებელ მოთხოვნებთან დაკავშირებულ პრობლემებზე პასუხისმგებლობის სხვა თანამშრომლებისთვის გადაკისრებას ცდილობდა.

გამოძიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება კლიენტების შემოწმებისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმებს ეხება. დოკუმენტების მიხედვით, 2015-2018 წლებში აუდიტორული კომპანია KPMG ბანკის საინვესტიციო მიმართულებაში კლიენტების მონაცემებს მუდმივად არასათანადოდ აფასებდა. ამასთან, 2015 წელს ბანკის თანამშრომლებმა 16 მილიონი დოლარის საეჭვო გადარიცხვები გამოავლინეს ოფშორული ანგარიშებიდან გერმანელი მდიდარი კლიენტის სასარგებლოდ, რომელსაც რუს ოლიგარქებთან ბიზნესკავშირები ჰქონდა. მიუხედავად შიდა გაფრთხილებებისა, კლიენტთან ურთიერთობა გაგრძელდა. გამოძიება ასევე იხსენებს რუსეთიდან 10 მილიარდი დოლარის გატანის სქემას, ე.წ. „სარკისებურ გარიგებებს“, რის გამოც Deutsche Bank-ს მოგვიანებით 630 მილიონი დოლარის ჯარიმის გადახდა მოუწია.

Financial Times-ის გამოძიება ბანკის ფინანსური ანგარიშგებისა და ოპერაციული კონტროლის ხარვეზებსაც აღწერს. კერძოდ, 2014 წელს ბანკმა კაპიტალის მოზიდვის პროცესში 840 მილიონი დოლარის ზარალის ასახვა გადადო, ხოლო სხვა შემთხვევაში 2007 წელს დადებული, შიდა სისტემებში სათანადოდ აღურიცხავი საპროცენტო სვოპის ოპერაციამ 2014 წლისთვის 456 მილიონი დოლარის ზარალი გამოიწვია. იტალიაში კი ბანკი ოთხ წელზე მეტი ხნის განმავლობაში გასცემდა იპოთეკურ სესხებს, ისე რომ საკუთარი საქმიანობის რისკებსა და მასშტაბებს სათანადოდ ვერ აკონტროლებდა.

Deutsche Bank აცხადებს, რომ კრისტიან სევინგის ხელმძღვანელობით ბანკმა ძირეული ტრანსფორმაცია განახორციელა და 2019-2025 წლებში შესაბამისობის კონტროლისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის სისტემების გაუმჯობესებაში 7 მილიარდი ევრო დახარჯა. თუმცა გამოძიების თანახმად, პრობლემების ნაწილი დღემდე რჩება: გერმანიის ფინანსურმა მარეგულირებელმა BaFin-მა ბანკს ფულის გათეთრების საწინააღმდეგო კონტროლისა და საეჭვო ტრანზაქციების მონიტორინგის ხარვეზების გამოსწორების ვადაც გაუგრძელა.