Goldman Sachs-ის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ 2027 წელს მსოფლიო ნავთობის ბაზარზე მნიშვნელოვანი ჭარბი მიწოდება დაფიქსირდება. ბანკის პროგნოზით, ნავთობის წარმოება საბოლოო მოხმარებას დღეში 2 მილიონი ბარელით გადააჭარბებს, რაც ფასებზე შემცირების მიმართულებით იმოქმედებს. ამასთან, ანალიტიკოსები კვლავ მიუთითებენ მიწოდების შეფერხებისა და გეოპოლიტიკური დაძაბულობის რისკებზე.
ბანკის საბაზისო სცენარის მიხედვით, Brent-ის მარკის ნავთობის საშუალო ფასი 2027 წელს ბარელზე 88 დოლარი იქნება, თუმცა წლის ბოლოსთვის შესაძლოა 78 დოლარამდე შემცირდეს. Goldman Sachs-ის შეფასებით, ფასებში ამჟამად არსებული გეოპოლიტიკური რისკის პრემია ეტაპობრივად შემცირდება, რაც ნავთობის გაიაფებას შეუწყობს ხელს.
ფასებზე დამატებით ზეწოლას ჩინეთიდან მომდინარე მოთხოვნის შესუსტებაც მოახდენს. ანალიტიკოსების შეფასებით, ქვეყანაში სატრანსპორტო საწვავის მოხმარების კლება 2027 წელს ნავთობზე საერთო მოთხოვნას დღეში დაახლოებით 400 000 ბარელით შეამცირებს. Goldman Sachs მიიჩნევს, რომ ჩინეთში ნავთობზე მოთხოვნამ პიკს უკვე 2025 წელს მიაღწია.
ამავე დროს, ბანკი ნავთობის მიწოდების მიმართულებით ახლო აღმოსავლეთში წარმოების ზრდას ელოდება. სპარსეთის ყურის ქვეყნებში ახალი მილსადენების ამოქმედება და ალტერნატიული საექსპორტო მარშრუტების განვითარება ჰორმუზის სრუტეზე დამოკიდებულებას შეამცირებს და მსოფლიო ბაზარზე დამატებითი მოცულობების მიწოდებას შეუწყობს ხელს. მიუხედავად ჭარბი მიწოდების პროგნოზისა, Goldman Sachs არ გამორიცხავს, რომ რეგიონში ახალი ესკალაციისა და ნავთობის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შემთხვევაში ფასებზე ზრდის მიმართულებით ზეწოლა კვლავ გაძლიერდეს.