ჰორმუზის კრიზისმა მსოფლიო სავაჭრო რუკა შეცვალა — საუდის არაბეთი გლობალური ლოგისტიკის ახალ ცენტრად ყალიბდება

ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვამ მსოფლიო ეკონომიკაში ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ლოგისტიკური შოკი გამოიწვია და საერთაშორისო ვაჭრობის არქიტექტურის სწრაფი გადალაგება დააჩქარა. მსოფლიოს ნავთობის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ამ სტრატეგიულ საზღვაო დერეფანში გადის, რის გამოც სრუტის ბლოკირებამ ენერგორესურსების, სასუქების, საკვები პროდუქტებისა და სამრეწველო ტვირთების მიწოდების ჯაჭვები მნიშვნელოვნად დააზიანა. თუმცა კრიზისმა პარალელურად ახალი ეკონომიკური რეალობაც შექმნა — ახლო აღმოსავლეთში სახმელეთო და სარკინიგზო მარშრუტების მნიშვნელობა მკვეთრად გაიზარდა, ხოლო საუდის არაბეთი რეგიონული ლოგისტიკური ჰაბის სტატუსისკენ სწრაფად მიიწევს.

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოსა და დასავლური ანალიტიკური ცენტრების შეფასებით, ჰორმუზის სრუტეში ყოველდღიურად მსოფლიო ნავთობის დაახლოებით მეხუთედი გადაადგილდებოდა, ამიტომ ნებისმიერი შეფერხება ავტომატურად აისახება როგორც ენერგომატარებლების ფასებზე, ისე გლობალურ ინფლაციასა და წარმოების ხარჯებზე. სწორედ ამ ფონზე გააქტიურდა ალტერნატიული დერეფნების ძიება, სადაც მთავარი როლი სპარსეთის ყურის ქვეყნებმა აიღეს. ერ რიადის ხელისუფლებამ რამდენიმე ახალი სახმელეთო და კომბინირებული სატრანსპორტო დერეფანი აამოქმედა, რომლებიც სპარსეთის ყურის პორტებს ქვეყნის ცენტრალურ და ჩრდილოეთ რეგიონებთან, შემდეგ კი წითელი ზღვას პორტებთან აკავშირებს.

ახალი ქსელი მოიცავს როგორც საავტომობილო, ისე სარკინიგზო ინფრასტრუქტურას. სატვირთო კოლონები ახლა უდაბნოს გავლით გადაადგილდებიან და ტვირთებს იმ მარშრუტებით ატარებენ, რომლებიც წლების განმავლობაში მხოლოდ რეგიონული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურად მიიჩნეოდა. ამ სისტემაში განსაკუთრებული როლი ენიჭება არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და ომანის, რომელთა პორტები და გზები სპარსეთის ყურის ალტერნატიულ სავაჭრო ქსელად იქცა.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მიმდინარე პროცესები გარკვეულწილად ისტორიული „აბრეშუმის გზის“ თანამედროვე რეინკარნაციას ჰგავს. განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო საუდის არაბეთის გეგმამ, რომელიც იორდანიასა და სირიას გავლით თურქეთთან დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზის პროექტს უკავშირდება. ექსპერტების შეფასებით, თუ ეს დერეფანი სრულად ამოქმედდება, ახლო აღმოსავლეთის ლოგისტიკური რუკა მნიშვნელოვნად შეიცვლება და აზია-ევროპის სავაჭრო ნაკადების ნაწილი სწორედ ამ მარშრუტზე გადაერთვება.

საერთაშორისო მედიის შეფასებით, კრიზისის ფონზე საუდის არაბეთის რეაგირება იმდენად სწრაფი და მასშტაბური აღმოჩნდა, რომ ზოგიერთმა ანალიტიკოსმა ამას უკვე „საუდის ლოგისტიკური სასწაული“ უწოდა. სახელმწიფო კომპანია Ma'aden-მა, რამდენიმე კვირაში, სატვირთო მანქანების რაოდენობა 600-დან 3500-მდე გაზარდა, რათა სასუქები და სხვა კრიტიკული ტვირთები სპარსეთის ყურიდან იანბუს პორტამდე გადაეტანა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა სასუქების გლობალური ბაზრისთვის, რადგან მიწოდების შეფერხებამ მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში აგროსექტორზე ზეწოლა გააძლიერა.

ენერგეტიკული მიმართულებით კრიტიკულ მნიშვნელობას ინარჩუნებს აღმოსავლეთ-დასავლეთის ნავთობსადენი, იგივე „პეტროლაინი“, რომელიც საუდის არაბეთის აღმოსავლეთ ნავთობის საბადოებს წითელი ზღვის სანაპიროსთან აკავშირებს. ამ ინფრასტრუქტურის წყალობით, ნავთობის მნიშვნელოვანი ნაწილი ჰორმუზის სრუტის გვერდის ავლით გადაადგილდება. პარალელურად, ფუჯაირას პორტი ერთ-ერთ მთავარ ალტერნატიულ ენერგეტიკულ ცენტრად ყალიბდება.

მსხვილი საერთაშორისო გადამზიდავი კომპანიები, მათ შორის MSC და Maersk, უკვე აქტიურად სწავლობენ და ნაწილობრივ იყენებენ ახალ სახმელეთო მარშრუტებს. ლოგისტიკური კომპანიების შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ სახმელეთო ტრანსპორტირება ზოგიერთ შემთხვევაში უფრო ძვირია, კრიზისულ პერიოდში ეს ბევრად უფრო პროგნოზირებადი და უსაფრთხო ალტერნატივა ხდება.

განსაკუთრებით საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ევროპიდან სპარსეთის ყურის ქვეყნებში საკვები პროდუქტების ნაწილი ახლა უკვე ხმელეთით გადაადგილდება. ტვირთები ბრიტანეთიდან ევროპის გავლით ეგვიპტესა და საუდის არაბეთში ხვდება, შემდეგ კი რეგიონულ სარკინიგზო ქსელში ნაწილდება. სპეციალისტების შეფასებით, ეს პროცესი გლობალური ვაჭრობის მოდელის ფუნდამენტურ ცვლილებაზე მიუთითებს, სადაც სწრაფი და მოქნილი ლოგისტიკური დერეფნები საზღვაო მარშრუტების ნაწილობრივ ჩანაცვლებას იწყებს.

ანალიტიკოსები და გეოეკონომიკური ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ჰორმუზის კრიზისმა მხოლოდ ენერგეტიკული მოწყვლადობა არ გამოავლინა — მან დააჩქარა მრავალპოლარული სავაჭრო სისტემის ფორმირება, სადაც რეგიონული ლოგისტიკური ჰაბები გაცილებით დიდ გავლენას იძენენ. მათი შეფასებით, საუდის არაბეთი „Vision 2030“-ის სტრატეგიის ფარგლებში ცდილობს, თავი მხოლოდ ნავთობმწარმოებელ სახელმწიფოდ აღარ წარმოაჩინოს და გადაიქცეს აზიის, აფრიკისა და ევროპის დამაკავშირებელ ეკონომიკურ ცენტრად. ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ თუ ახლო აღმოსავლეთში ალტერნატიული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა წარმატებით განვითარდება, მსოფლიო ვაჭრობის რუკა უახლოეს წლებში შესაძლოა ისეთივე მასშტაბურად შეიცვალოს, როგორც ეს სუეცის არხის ან თანამედროვე საზღვაო დერეფნების ფორმირების დროს მოხდა.

წყაროების ბმულები: