„გვყავს ბაზარზე „ინვესტორები“, რომლებიც არ არიან ამშენებლები, მათ ასაშენებლად და ფულის ჩასადებად არ უნდათ ეს პროექტები, შემდეგ ფურცლებით დარბიან და ცდილობენ პროექტების გადაყიდვას, ადებენ ძალიან დიდი თამასას“, - ამის შესახებ მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელმა გიორგი მარგებაძემ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, მთავრობა გაფორმებულ მემორანდუმებსაც იკვლევს, სადაც ვადებია დარღვეული, შესაბამისად, დიდი მოცულობის სიმძლავრის გაუქმება, აქაც მოსალოდნელია.
ცნობისთვის, „გალთ ენდ თაგარტის" ელექტროენერგიის ბაზრის კვლევის მიხედვით, მთავრობამ 50-მდე ელექტროსადგურს მემორანდუმი გაუუქმა. უფრო კონკრეტულად, გაუქმებულია ჯამურად 1,200 მგვტ. სიმძლავრის პროექტები, დამატებით 546 მგვტ-ზე კი ადმინისტრაციული პროცედურები. როგორც კვლევაშია აღნიშნული, გაუქმებული მემორანდუმები გაცემული იყო 2018-2022 წლებში, შეწყვეტის ძირითად მიზეზად კი ინვესტორების უმოქმედობა, ვადების მკვეთრი დარღვევა და მნიშვნელოვანი შეფერხებები დასახელდა.
აღნიშნულ საკითხზე გასულ თვეში ისაუბრა პრემიერ-მინისტრმაც. მისი თქმით, „იყო საბოტაჟის შემთხვევები, როდესაც კონკრეტული ადამიანები საკუთარი სუბიექტური ინტერესებიდან გამომდინარე ხელოვნურად უქმნიდნენ დაბრკოლებას თუნდაც მცირე ჰესების მშენებლობას და შემდეგ ცდილობდნენ, წილში ჩამჯდარიყვნენ კონკრეტულ პროექტებში“.
“გაფორმებულ მემორანდუმებსაც იკვლევენ, სადაც ვადებია დარღვეული, უამრავჯერ გადადებული, გაგრძელებული. ამის კვლევაში არიან და დიდი ალბათობით, აქაც უნდა ველოდოთ დიდი მოცულობის სიმძლავრის გაუქმებას. მე თუ მკითხავთ, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ეს, იმიტომ, რომ უკვე გაფორმებული მემორანდუმები ნიშნავს, უკვე დაჯავშნილ ადგილებს, არა მხოლოდ ადგილებს ტერიტორიის თვალსაზრისით, არამედ ქვესადგურებში დაჯავშნილ სიმძლავრეებს მიერთების ნაწილში.
ბიუროკრატიული პრობლემები აბსოლუტურად ყველას გვაქვს, სამინისტროთი დაწყებული, გარემოს დაცვით გაგრძელებული, მუნიციპალური... იმდენ უწყებასთან გვაქვს ურთიერთობა თითები არ გვეყოფა, რომ ჩამოვთვალოთ. რაც შეეხება წილებში ჩაჯდომებს, მე პირადად მსგავსი შემთხვევები არ მქონია, თუმცა, რადგან ლაპარაკობენ და გამოძიება მიმდინარეობს, ესე იგი მსგავს [ფაქტებს] ჰქონდა ადგილი.
კობახიძემ თუ საუბარი ახლა დაიწყო, 1 წლის წინ ვლაპარაკობდი ამ თემაზე (და არამარტო მე), რომ ჩვენ გვყავს ბაზარზე „ინვესტორები“, რომლებიც არ არიან ამშენებლები, მათ ასაშენებლად და ფულის ჩასადებად არ უნდათ ეს პროექტები, შემდეგ ფურცლებით დარბიან და ცდილობენ პროექტების გადაყიდვას, ადებენ ძალიან დიდი თამასას. რა თქმა უნდა, ვერ ყიდიან. სწორ კვლევებსაც არ აკეთებენ, არ ხარჯავენ საკუთარ რესურსს, რომ სწორი კვლევები გააკეთონ და ეს კიდევ ცალკე გვირტყამს მერე ჩვენ, რეალურ ინვესტორებს და ენერგეტიკაზე ვისაც გული შეგვტკივა. იმიტომ, რომ ჩვენ გვყავს ბევრი ჩასაფრებული „ენჯეო“, მწვანეები, სულ ცდილობენ, რომ რაღაც გიპოვონ და როდესაც ეს „სპეკულანტი ინვესტორები“ სწორად არ იკვლევენ, მანდ გვირტყამს მერე ჩვენ. სადღაც მართლებიც არიან ისინი, როდესაც ამბობენ, რომ აი, ამ პროექტზე ეს არ გამოიკვლიეთ, აქ - ეს...
და, დაჯავშნილი სიმძლავრეები - რომელიღაც კომპანია, რომ გააფორმებს [ხელშეკრულებას] და მერე 3 წელი დარბის ამის გასაყიდად და ვერ ყიდის, ეს ადგილიც ვარდება, დროც გადის...“,- აღნიშნა გიორგი მარგებაძემ.