გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომლებმა თბილისის ზღვაზე ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინეს.
მოქალაქეები თევზჭერას 300 მეტრამდე სიგრძის სახლართი ბადის გამოყენებით ახდენდნენ. სამართალდამრღვევებს უკანონოდ ჰქონდათ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 10 კილო თევზი.
ნებისმიერი ტიპის სახლართი ბადით თევზჭერა ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, შესაბამისად, ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნება.
ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლა დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. უკანონო თევზჭერის ფაქტების პრევენციის, აღკვეთისა და გამოვლენის მიზნით, დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.
ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს