„ის პრობლემა, რომ ზამთრის პერიოდში სასტუმრო თავს ვერ ინახავს, აქტუალურია არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ უამრავი ობიექტისთვის“, – აცხადებს BM.GE-სთან საუბარში Step Inn-ის დამფუძნებელი, ანი ალიბეგაშვილი.

მისი თქმით, ზამთარში მთის სასტუმროების ხარჯები მნიშვნელოვნად იზრდება, რადგან კომუნალური გადასახადები თითქმის სამმაგდება, ინფრასტრუქტურული პრობლემები – გზების ჩაკეტვა, წყლის გაყინვა და ელექტროგადამცემი სისტემების გადატვირთვა კი სტუმრებისთვის გადაადგილებას ართულებს.

"ზამთრის სეზონი ყაზბეგისთვის ძირითადად დაბალი დატვირთვით ხასიათდება, ხოლო დაახლოებით 60% სასტუმროებისა, საოჯახო სასტუმროებისა და კოტეჯების ამ პერიოდში დახურულია. ეს მთლიანი დატვირთვის ზრდის ფაქტორია", – აღნიშნავს ალიბეგაშვილი.

მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, რეგიონისთვის ფასების კორექტირება აუცილებელ ინსტრუმენტად რჩება. ალიბეგაშვილის ინფორმაციით, ყაზბეგი ზამთრის პერიოდში აქტიური დასვენების ადგილი არ არის, ამიტომ ფასების კორექცია ჩვეული პრაქტიკაა. თუმცა 2025 წელს კომპანიას ფასების 40%-იანი შემცირება მოუწია, რაც ბოლო წლებთან შედარებით ყველაზე დაბალი საფასო პოლიტიკა იყო : "2025 წელს ფასების 40%-ით შემცირება მოგვიწია, რაც ბოლო წლებთან შედარებით ყველაზე დაბალი საფასო პოლიტიკა იყო".

მისივე განმარტებით, საახალწლო პერიოდში (დაახლოებით 25 დეკემბრიდან 10 იანვრის ჩათვლით) მოთხოვნა ყოველთვის მაღალია. ანი ალიბეგაშვილის თქმით, ახალი წლის დღეებში Step Inn-ის დატვირთულობა 90%-ს აღწევდა.

„ფასების კორექტირება მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო, რომელმაც დატვირთულობა გაზარდა. მიმდინარე წელს გვქონდა ყველაზე დაბალი საფასო პოლიტიკა წინა წლებთან შედარებით, რაც საბოლოოდ გაამართლა“, – აღნიშნავს ის და დასძენს, რომ ამჟამად სასტუმროს ნომრების ღირებულება საუზმის ჩათვლით 180–250 ლარს შორის მერყეობს.

bm.ge