„30 წელი რომ განაშენიანების კუთხით არაფერი შეიცვალოს, თბილისი, ბათუმი და ქუთაისი კოშმარში იცხოვრებს“, - ამის შესახებ რადიოგადაცემაში „თქვენი დრო“ ქალაქმგეგმარებელმა ზურაბ ბაქრაძემ განაშენიანების პრობლემებზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მანვე აღნიშნა, მიწათსარგებლობის გეგმამ განსაზღვრა ქალაქების საზღვრები, თუმცა, განაშენიანების დროს ამ საზღვრებს ყურადღება არ ექცევა. ბაქრაძის თქმით, თუ ქალაქების გაფართოება არსებული ტემპით გაგრძელდა, 30 წლის შემდეგ თბილისი რუსთავსა და მცხეთას „შეუერთდება“.
„30 წელი რომ განაშენიანების კუთხით არაფერი შეიცვალოს, თბილისი, ბათუმი და ქუთაისი კოშმარში იცხოვრებს. მიწათსარგებლობის გეგმამ განსაზღვრა საზღვარი, სადაც განაშენიანება არ უნდა გავრცელებულიყო, მაგრამ ისეთი სივრცითი მოწყობა, რომელიც საბჭოეთის მერე ჩვენთან არის და არ შეცვლილა, ამ საზღვარს არ აქცევს ყურადღებას.
განაშენიანების ამ ტემპით, 30 წლის მერე თბილისი შეუერთდება მცხეთას, მეორე მხრივ გარდაბნამდე მივა და რუსთავს შეუერთდება; ბათუმი სამხრეთით შეუერთდება გონიოს და ჩრდილოეთით ქობულეთს. ფაქტობრივად, გვექნება დაცლილი ქვეყანა და ორი-სამი მოსახლეობით მოზღვავებული ადგილი - ქვეყანა, სადაც ადამიანმა პომიდორიც კი თურქეთიდან უნდა იყიდოს. პომიდორი პირობითია, ხოლოდ ამაზე არ არის საუბარი, არ იქნებიან საკმარისი სპეციალისტები საინჟინრო და სივრცითი მოწყობის თვალსაზრისით და სხვა რიგი პრობლემების წინაშეც დავდგებით. ნამდვილი კატასტროფა იქნება, თუ ახლავე არ გადაწყვიტა ხელისუფლებამ, რომ დეცენტრალიზაცია აუცილებელია - სხვა გზა ქვეყანას არ აქვს, მაშინ კატასტროფამდე მივალთ“, - განაცხადა ზურაბ ბაქრაძემ.