„დრიმლენდ ოზაისის“ ახალი პროექტი, „დრომლენდ ბოტანიკო“, ჩაქვის ზღვის სანაპიროზე 5 ჰექტრამდე ფართობის ათვისებას გეგმავს. მრავალფუნქციური ობიექტის პროექტი სანაპიროზე, ბათუმის ქუჩის #50-52-ში და მის გაგრძელებაზე, მეზღვაურთა ქუჩის 38-ში 58-სართულიანი შენობების მშენებლობას ითვალისწინებს.
„ამ მშენებლობის შემდეგ ჩვენთვის ზღვაზე გასასვლელი ჩაიკეტება, ფაქტობრივად პლაჟით ვეღარ ვისარგებლებთ. ნახეთ ამ კომპანიის მეორე პროექტი, როგორ აქვს ჩაკეტილი პლაჟი და დარწმუნდებით“ – გვითხრა მოქალაქემ სატელეფონო საუბარში და გვთხოვა „დრიმლენდ ოაზისის“ ახალი პროექტით დაინტერესება.
დოკუმენტებში ჩანს, რომ მოსახლეობას ახალი პროექტი მართლაც უკეტავს ზღვაზე გასასვლელს, თუმცა აქ მცხოვრებმა პირებმა, მიუხედავად პირადი წუხილისა, საჯაროდ საუბარი მაინც არ ისურვეს.

წითლად მონიშნულია სამშენებლო ტერიტორია

პროექტის რენდერი
ეს ადგილი 2022 წლამდე საჯარო სივრცე იყო, სანამ აჭარის მთავრობამ მშენებლობის პირობით არ გაყიდა.
განაშენიანების დეტალური გეგმის მიხედვით, რომელიც შპს „დრიმლენდ ოაზისმა“ ბათუმის მერიას წარუდგინა, კომპანია 195 მეტრი სიმაღლის, 58-სართულიან 2 კორპუსს, ორ 6-სართულიან კორპუსს და 2 ვილას ააშენებს. პროექტით გათვალისწინებულია პირსის და ვერტმფრენის დასაფრენი ადგილის მოწყობაც.
განაშენიანების დეტალური გეგმის მიხედვით, პროექტი გააერთიანებს 12 000 მაცხოვრებელზე გათვლილ, საცხოვრებელ და დასასვენებელ ინფრასტრუქტურას.

მწვანედ მონიშნულია ადგილები, სადაც მცხოვრებ ოჯახებს პროექტი საცხოვრებელ გარემოს შეუცვლის. გარდა იმისა, რომ მათ აღარ ექნებათ ზღვაზე პირდაპირი გასასვლელი და მათი სახლების წინ კი პლაჟის დიდი ნაწილი ათვისებული იქნება, კომპანია გეგმავს ადგილი შეუცვალოს გზას, რომლითაც ამ დრომდე მოსახლეობა სარგებლობდა.

გენგეგმა
ბრძანება, პროექტისთვის გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის განაშენიანების დეტალური გეგმის დამუშავების მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე, ბათუმის მერს 2026 წლის 12 იანვარს გამოუცია.
საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გარდა კომპანიამ დაგეგმილი პროექტის განსახორციელებლად აჭარის მთავრობის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების გამოყენებაზეც მიიღო თანხმობა.
საპროექტო ტერიტორიას ჩრდილო-დასავლეთის მხრიდან ესაზღვრება ზღვის სანაპირო, ჩრდილო-აღმოსავლეთისა და სამხრეთ აღმოსავლეთის მხრიდან მხრიდან კი – დაბალი ინტენსივობის განაშენიანება.
„ვინაიდან გეგმარებითი ერთეული მდებარეობს კვარტალურად მკაცრად ჩამოყალიბებულ გარემოში, გეგმარებითი ერთეულის საკვლევი არეალი დაზუსტდა და მოიცვა ირგვლივ განლაგებული ნაკვეთებიც, საერთო ფართით 21,6 ჰექტარი“- განმარტეს კვლევის ავტორებმა.
განაშენიანების დეტალური გეგმა პროექტის საჭიროების დასაბუთებას ითხოვს. ამ შემთხვევაში გდგ-ს ავტორები გრანდიოზულ გეგმებზე წერენ:
„პროექტის განხორციელების შემდგომ დაბა ჩაქვი 2,1 კმ-იანი კეთილმოწყობილი ბულვარით დაუკავშირდება ბოტანიკურ ბაღს; მდინარე ჩაქვისწყლის მარცხენა ნაპირზე ზღვის შესართავთან ეროზიული პროცესებისგან თავდასაცავად მოხდება ნაპირის გამაგრება შესაბამისი ნაპირდამცავი ნაგებობის მეშვეობით, ნაპირდამცავი ნაგებობის გასწვრივ მოხდება ზღვისპირა მოედნის მოწყობა [7000კვ.მ]; მოედანზე განთავსდება საერთო მოხმარების გასართობი და ტურისტული ინფრასტრუქტურა.
საპროექტო კომპლექსი „დრიმ-ბოტანიკო“-ს განხორციელების შემდგომ მოიაზრება კომპლექსის დაკავშირება სამანქანე-საფეხმავლო ხიდით დაბა ჩაქვსა და „დრიმლენდ ოაზისის“ კომპლექსთან, რის შედეგადაც შეიქმნება ერთიანი ტურისტული კლასტერი, რომელიც გააერთიანებს ორივე კომპლექსში შემავალ ისეთ ინფრასტრუქტურას, როგორიცაა: აკვაპარკი, მრავალფუნქციური გასართობი კომპლექსები, სხვადასხვა ქვეყნის ეთნო სამზარეულო-რესტორნებს, საცურაო აუზებს, სპა და რელექს კომპლექს, სასტუმროებს შესაბამისი ინფრასტრუქტურით, როგორც დასვენებისთვის, ასევე საქმიანი შეხვედრებისთვის, კონფერენციებისთვის, შესაბამისი საკონფერენციო სივრცეებით, ვერტმფრენის ასაფრენ მოედანს და ნავსაყუდელს“.
განაშენიანების დეტალურ გეგმაში საკომპენსაციო ღონისძიებაზეც არის საუბარი.
საქმე იმაშია, რომ როცა კომპანიას ზონაში დადგენილი მშენებლობის პარამეტრების გადაჭარბება სჭირდება, ასეთ შემთხვევაში კანონი მაკომპენსირებელი ღონისძიების დაკისრებას ითვალისწინებს. ეს უნდა იყოს ღონისძიება, რაც მუნიციპალიტეტს სარგებელს მოუტანს.
განაშენიანების დეტალურ გეგმაში ვკითხულობთ, რომ კომპანიამ მერიას სკვერის მოწყობა შესთავაზა, თავისივე პროექტისთვის მომზადებულ მიწის ნაკვეთთან ახლოს. შეიძლება ითქვას, რომ ესეც დამკვიდრებული პრაქტიკაა, როცა კომპანია მერიას სკვერის მოწყობას თავისივე მშენებარე პროექტთან ახლოს სთავაზობს. ფაქტობრივად, კომპანია ამით თავისივე პროექტის საინვესტიციო ღირებულებას ზრდის, ისევ სახელმწიფოს ქონების ხარჯზე.
„დრიმლენდ ოაზისის“ ხელმძღვანელობას კერძო ინიციატივის ფარგლებში განსაზღვრული აქვს მოაწყოს თანამედროვე ინფრასტრუქტურის მქონე სკვერი, კერძოდ: მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, გაზონები, დასაჯდომი სკამები, განათებები, დაირგვება მოცემული ტერიტორიის კლიმატური პირობებისთვის შესაბამისი ხე-მცენარეები, რაც საშუალებას მოგვცემს გდგ კვლევის არეალში განლაგებულ დასახლებაში [კვარტალში] გავაჩინოთ საზოგადოებრივი დანიშნულების მქონე გამწვანებული ტერიტორია [სკვერი], სადაც თავშეყრის საშუალება ექნებათ ადგილობრივ მაცხოვრებლებს და სტუმრებს“ – ვკითხულობთ განაშენიანების გეგმაში.
დოკუმენტის მიხედვით, აჭარის მთავრობის ბალანზე არსებულ მიწის ნაკვეთებზე კომპანია გეგმავს პირსის მოწყობას საცურაო აუზით, და, ასევე მოაწყობს შადრევნებს, ველობილიკს, საფეხმავლო ბილიკს, ნაპირდამცავ ჯებირს და მდ. ჩაქვის წყალზე გადასასვლელ ხიდს.
გდგ-ს დოკუმენტის მიხედვით, კომპანია მერიას ჰპირდება, რომ 2500 სამუშაო ადგილს შექმნის, როგორც მშენებლობის ეტაპზე, ასევე მისი განხორციელების შემდგომ, სრულად პროექტის დასრულებისთვის კი 350 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს.
5 ჰექტრამდე ფართობი ჩაქვის სანაპიროზე აჭარის მთავრობამ 2022 წელს 16 მილიონ ლარად და ინვესტიციის განხორციელების პირობით გაყიდა.
მთავრობის პირობა იყო არანაკლებ 120 ნომრიანი სასტუმროს, სპორტულ-გამაჯანსაღებელი სარეაბილიტაციო ცენტრის, ცალკე მდგომი, საზოგადოებრივი ან და სავაჭრო დანიშნულების ობიექტების, ღია აუზის, სპორტულ-სარეკრეაციო, გასართობი სივრცეების მოწყობა. ჩამონათვალში იყო ასევე სკვერი, პარკი, სპორტული მოედნები, ვილები, საცხოვრებელი სახლები და ა.შ.
შპს „დრიმლენდ ოაზისის“ 82 პროცენტი ავსტრიულ კომპანიას ეკუთვნის, 18 პროცენტი კი ნიკოლოზ გეგუჩაძის საკუთრებაა.