ფოთში ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის მშენებლობა მიმდინარე წელს დასრულდება. ლოკაციაზე სამშენებლო სამუშაოები 2025 წელს დაიწყო.
პროექტი გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სამუშაოებს საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია "ანაგი" და რუმინული კომპანია „Hofstetter Environmental S.R.L“ ასრულებენ.
როგორც მყარი ნარჩენების კომპანია იუწყება, პროექტი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ხორციელდება და მისი ექსპლუატაციაში შესვლისთანავე, ქალაქში არსებული ძველი ნაგავსაყრელი კანონის შესაბამისად დაიხურება.
სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი, „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორ მიხეილ გოგოლიძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
როგორც მედიისთვის დაგზავნილ პრესრელიზში ვკითხულობთ, პროექტი ითვალისწინებს შემდეგს: ფოთის მუნიციპალური ნარჩენები გადამტვირთავ სადგურზე მოგროვდება, საიდანაც მათი ტრანსპორტირება ზუგდიდში, ახალ რეგიონულ არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტზე მოხდება. ამ უკანასკნელის მშენებლობაც ამ დროისთვის აქტიურად მიმდინარეობს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი, აცხადებს, რომ ეს ორი ობიექტი ერთიან ჯაჭვში იმუშავებს, რაც რეგიონისთვის მნიშვნელოვან გარემოსდაცვით ეფექტს მოიტანს.
„ზუგდიდის ახალი რეგიონული ობიექტი ჯამში 9 მუნიციპალიტეტს მოემსახურება. ჩვენთვის პრიორიტეტულია დაინტერესებული მხარეების მაქსიმალური ჩართულობა, რათა სამუშაოები უმოკლეს ვადებში დავასრულოთ და სისტემა სრულყოფილად ავამუშაოთ“, - ამბობს პავლიაშვილი.
„მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ ხელმძღვანელის, მიხეილ გოგოლიძის ინფორმაციით, ახალი ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციაში შესვლა პირდაპირ კავშირშია ძველი, ამორტიზებული ნაგავსაყრელების კონსერვაციასთან. ფოთის შემთხვევაში, ახალი სადგურის გახსნისთანავე, ძველი სტანდარტების დაცვით დაიხურება, რაც ქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.