რუსეთის ბალტიის ფლოტმა ბალტიის ზღვაში სწავლებები ჩაატარა, რომლის დროსაც კორვეტ „ბურიას“ („Буря“) ბორტზე განთავსებული საჰაერო თავდაცვის სისტემა „პანცირ-ემ“-იდან, სამიზნის მიმართულებით, ორი რაკეტა გაისროლეს. ეს ინფორმაცია სამშაბათს, 3 მარტს, რუსეთის ბალტიის ფლოტის პრეს-სამსახურმა გაავრცელა.
„მცირე სარაკეტო ხომალდ (კორვეტი – რედ.) „ბურიას“ სარაკეტო და საარტილერიო ნაწილის სპეციალისტებმა, „პანცირ-ემ“-ის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის გამოყენებით, საჰაერო სამიზნეს ესროლეს. სამიზნეს კი ბალტიის ფლოტის კორვეტ „ბოიკიდან“ („Бойкий“) გაშვებული სამიზნე-რაკეტა წარმოადგენდა“, - ნათქვამია ფლოტის განცხადებაში.
ამავე წყაროს ცნობით, სროლების დროს, ორივე რაკეტა მოხვდა სამიზნეს, რაც მონიტორინგის მონაცემებითაც დასტურდება.
„სისტემა „პანცირ-ემ“-იდან სროლები მცირე სარაკეტო ხომალდ „ბურიას“ სახელმწიფო გამოცდების ფარგლებში განხორციელდა“, - აცხადებს ფლოტის პრეს-სამსახური.
რუსეთის ბალტიის ფლოტმა ჯერ კიდევ 2024 წლის აპრილში განაცხადა, რომ ბალტიის ზღვაში „ბურიას“ სახელმწიფო გამოცდებს ჩაატარებდა. მან ასევე აღნიშნა, რომ გამოცდების დასრულების შემდეგ, კორვეტი „ბურია“ ბალტიის ფლოტს შეუერთდებოდა და ბალტიის სამხედრო-საზღვაო ბაზის სარაკეტო ხომალდებისა და კატარღებისთვის დაკისრებული ამოცანების შესრულებას დაიწყებდა.
ოფიციალური ინფორმაციით, „ბურია“ პროექტ „კარაკურტი 22 800“-ის ფარგლებში აგებული მეორე ხომალდია. ამ პროექტის გემების სტანდარტული წყალწყვა 800 მეტრულ ტონას შეადგენს და ისინი სანაპირო წყლებში მისიების შესასრულებლად ააგეს. ამ ტიპის ხომალდები შეიარაღებულნი არიან ისეთი ფრთოსანი რაკეტებით, როგორებიცაა „კალიბრი“ და „ონიქსი“ და როგორც წესი, საჰაერო თავდაცვის საზენიტო-სარაკეტო და საარტილერიო სისტემა „პანცირ-ემ“-ით არიან აღჭურვილნი.
თავის მხრივ, „პანცირ-ემ“-ი ტულის საკონსტრუქტორო ბიუროს მიერ შემუშავებული საზენიტო-სარაკეტო და საარტილერიო კომპლექს „პანცირ-ეს“-ის საზღვაო ვერსიას წარმოადგენს.
„ბურიას“ ბორტიდან სარაკეტო სროლების შესახებ ინფორმაცია გასული წლის ოქტომბერში რუსულმა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასს“-მაც გაავრცელა.
წყარო: 1 არხი