საუდის არაბეთმა ირანი გააფრთხილა, რომ მის ტერიტორიაზე ახალი თავდასხმების შემთხვევაში შესაძლოა მკაცრი ზომები მიიღოს. კერძოდ, ერ-რიადი არ გამორიცხავს, რომ აშშ-ს საუდის სამხედრო ბაზებზე წვდომა მისცეს. ამის შესახებ Reuters წყაროებზე დაყრდნობით წერს.
სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული გზავნილი საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პრინც ფეისალ ბინ ფარხანსა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩის შორის გამართული საუბრის დროს გაჟღერდა. საუდის მხარემ აღნიშნა, რომ მხარს უჭერს საკითხის დიპლომატიურ გზით მოგვარებას და აქამდე არ დაუშვია საკუთარი საჰაერო სივრცის ან ტერიტორიის გამოყენება ირანის წინააღმდეგ დარტყმებისთვის.
ამასთან, ერ-რიადმა გააფრთხილა, რომ ახალი თავდასხმების შემთხვევაში, განსაკუთრებით კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, სამეფო შესაძლოა საპასუხო ნაბიჯებზე გადავიდეს.