ალიევმა, ფაშინიანმა და პუტინმა მოჯტაბა ხამენეის ირანის ახალ უზენაეს ლიდერად არჩევა მიულოცეს.

მოჯტაბა ხამენეის ირანის ახალ უზენაეს ლიდერად არჩევის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ირანის ხელისუფლებამ 8 მარტს გაავრცელა.

ნიკოლ ფაშინიანმა მოჯტაბა ხამენეის ირანის ახალ უზენაეს ლიდერად არჩევა მიულოცა. ამის შესახებ ნათქვამია სომხეთის პრემიერ-მინისტრის მისალოც წერილში, რომელიც მის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„დარწმუნებული ვარ, რომ მტკიცე კავშირი სომხეთსა და ირანს შორის მომავალშიც განვითარდება, დააფიქსირებს რა ახალ წარმატებებს. ვისარგებლებ შემთხვევით და მეგობარ ირანელ ხალხს ვუსურვებ კეთილდღეობასა და მდგრად მშვიდობას“, – ნათქვამია განცხადებაში.

მოჯტაბა ხამენეის ირანის ახალ უზენაეს ლიდერად არჩევააზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმაც მიულოცა.

„პატივცემულო აიათოლა ხამენეი, გილოცავთ ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერის თანამდებობაზე არჩევას. მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი სამძიმარი თქვენი მამის, აიათოლა ალი ხამენეის, ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერის ტრაგიკული გარდაცვალების გამო. აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის ურთიერთობები გამომდინარეობს ჩვენი ხალხების ნებიდან, რომლებიც ისტორიულად კეთილმეზობლობასა და მეგობრობაში ცხოვრობდნენ.

გამოვთქვამ იმედს, რომ, ჩვენი ხალხების ინტერესების შესაბამისად, ურთიერთპატივისცემისა და ნდობის სულისკვეთებით, ერთობლივ ძალისხმევას გავაგრძელებთ ჩვენი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების განვითარებისათვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ მაღალ თანამდებობაზე დანიშვნას. მშვიდობასა და სიმშვიდეს ვუსურვებ ირანის მეგობარ და მოძმე ხალხს“, – ნათქვამია ალიევის მისალოც წერილში.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა კი ხამენეის დაუდასტურა მოსკოვის მხრიდან თეირანის მხარდაჭერა.

„ახლა, როდესაც ირანი ეწინააღმდეგება შეიარაღებულ აგრესიას, თქვენი მოღვაწეობა ამ მაღალ თანამდებობაზე უდავოდ მოითხოვს დიდ სიმამაცესა და თავდადებას. დარწმუნებული ვარ, თქვენ ღირსეულად გააგრძელებთ მამის საქმეს და გააერთიანებთ ირანელ ხალხს მძიმე განსაცდელის წინაშე.

ჩემი მხრიდან მინდა, დავადასტურო ჩვენი უცვლელი მხარდაჭერა თეირანისადმი და სოლიდარობა ირანელ მეგობრებთან. რუსეთი იყო და იქნება ირანის ისლამური რესპუბლიკის სანდო პარტნიორი. წარმატებას გისურვებთ თქვენ წინაშე არსებული რთული ამოცანების გადაჭრაში, ასევე ჯანმრთელობასა და სულიერ სიძლიერეს“, – წერს პუტინი.