Nvidia-ს გენერალურმა დირექტორმა, ჯენსენ ჰუანგმა განაცხადა, რომ OpenAI-ში $100 მილიარდი დოლარის ინვესტიციის განხორციელება უკვე ნაკლებად სავარაუდოა.

მისი განმარტებით, ამის მთავარი მიზეზი გახდა ფაქტი, რომ ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე სტარტაპმა წლის ბოლოსთვის საფონდო ბირჟაზე გასვლა საბოლოოდ გადაწყვიტა. როგორც ირკვევა, იმ ფონზე რომ OpenAI-ს უკვე თავისით შეეძლება ფინანსების მოზიდვა, ჰუანგი კერძო ინვესტირების და კომპანიის თანხების გაღების საჭიროებას ვეღარ ხედავს.

ამის მიუხედავად, მან სან-ფრანცისკოში გამართულ კონფერენციაზე საბოლოოდ დაადასტურა, რომ OpenAI-სა და Nvidia-ს შორის $30 მილიარდის ინვესტირების გარიგება ოფიციალურად გაფორმდა, რაც, როგორც ირკვევა, $100-მილიარდიანი დაპირების მიღმა განხორციელდა. ჰუნაგის განცხადებით, ტექ-გიგანტი სტარტაპთან ურთიერთობების გაწყვეტას არ აპირებს და მის საფონდო ბირჟაზე გასვლაში “სიამოვნებით მიიღებს მონაწილეობას”.

შეგახსენებთ, ცნობები იმის შესახებ, რომ Nvidia-მ OpenAI-ში $100 მილიარდის ინვესტირება გადაიფიქრა, ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა. თავდაპირველი ზოგადი შეთანხმებით, ეს კოლოსალური მოცულობის ინვესტიცია 10 გიგავატი სიმძლავრის მონაცემთა ცენტრების მშენებლობას უნდა მოხმარებოდა, თუმცა, ამჟამინდელი, $30-მილიარდიანი გარიგებით Nvidia ფოკუსირებული იქნება OpenAI-სთვის საჭირო მასშტაბური გამოთვლითი სიმძლავრეების მიწოდებაზე, რაც კომპანიისთვის სტაბილურ შემოსავალს უზრუნველყოფს.

აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ OpenAI-ზე საუბრის პარალელურად ჰუანგმა სტარტაპის კონკურენტ Anthropic-ში $10 მილიარდიანი ინვესტიციის ხელმოწერის შესახებაც განაცხადა. მისი თქმით, მსგავსად ოლტმენის კომპანიისა, Nvidia-მ დარიო ამოდეის სტარტაპშიც თავისი უკანასკნელი ინვესტიცია ჩადო, რადგან საფონდო ბირჟაზე გასვლისთვის ისიც აქტიურად ემზადება.

bm.ge