თბილისის სატრანსპორტო კომპანია დიდი დიღომი–დიდუბის ტრამვაის პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელ კომპანიასთან ხელშეკრულებას 7 სექტემბერს გააფორმებს.
ხელმოწერის ცერემონია თბილისის საკრებულოში, 12:00 საათზე გაიმართება.
ტენდერი თურქულმა ერთობლივმა საწარმომ EYE-მ, რომელიც Emre Ray-ის, Yüksel-ისა და Erk-ის გაერთიანებით არის შექმნილი, მოიგო. კომპანიამ სამუშაოების შესრულების ღირებულებად 287.65 მილიონი ლარი დაასახელა.
პროექტის სავარაუდო ღირებულება 416.6 მილიონ ლარს შეადგენდა. შესაბამისად, გამარჯვებული კომპანიის შეთავაზება საწყის სავარაუდო ღირებულებაზე დაახლოებით 129 მილიონი ლარით ნაკლებია.
დიდი დიღომი–დიდუბის ტრამვაის პროექტი დაახლოებით 7.5 კილომეტრის სიგრძის ხაზისა და ტრამვაის დეპოს მშენებლობას მოიცავს. სამუშაოები Design-Build (DB) მოდელით განხორციელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პროექტირებასა და მშენებლობაზე პასუხისმგებლობა ერთ კონტრაქტორს დაეკისრება. პროექტის დასრულებისთვის ხელშეკრულებით 36-თვიანი ვადაა გათვალისწინებული.
ტენდერში გამარჯვებული კონსორციუმის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი, თურქული EmreRay Enerji İnşaat Sanayi ve Ticaret Anonim Şirketi, სარკინიგზო და ტრამვაის ინფრასტრუქტურის მიმართულებით მუშაობს.
კომპანიის ინფორმაციით, EmreRay-ს მონაწილეობა აქვს მიღებული სტამბოლის ემინონუ–კაბატაშის 7.3-კილომეტრიანი ტრამვაის მონაკვეთის პროექტში, რომელიც ლიანდაგისა და საკონტაქტო ელექტროგაყვანილობის მოწყობას ითვალისწინებდა.
კომპანიის გამოცდილებაში ასევე შედის ესკიშეჰირში 17-კილომეტრიანი ტრამვაის ხაზის პროექტი და ანტალიაში ტრამვაის სისტემის ელექტრიფიკაციის სამუშაოები.