ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ქალაქში შესასვლელი ცენტრალური ქუჩების - ბაქოს ქუჩის, ოდისეი დიმიტრიადისის და თამარ მეფის გამზირის რეაბილიტაციისთვის 29.5 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. საგზაო სამუშაოები მთლიანობაში 6.17 კილომეტრის მონაკვეთზე უნდა ჩატარდეს.
ტენდერი აუქციონის გარეშე ტარდება. წინადადებების მიღება 2026 წლის 11 თებერვალს დაიწყება და 16 თებერვალს დასრულდება. გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 2027 წლის 10 დეკემბრამდე უნდა დაასრულოს.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
სამუშაოების მასშტაბიდან გამომდინარე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტებისგან მნიშვნელოვან გამოცდილებას მოითხოვს. კერძოდ, კომპანიას 2022 წლიდან დღემდე შესრულებული უნდა ჰქონდეს:
- არანაკლებ 30 000 000 ლარის ღირებულების ანალოგიური ხასიათის (საგზაო) სამუშაოები;
- ერთი ხელშეკრულების ფარგლებში მინიმუმ 10 000 000 ლარის სამუშაოები;
- ასევე, მინიმუმ 10 000 000 ლარის ღირებულების ნაპირსამაგრი კედლების მოწყობის სამუშაოები.
პროექტი მიზნად ისახავს ბათუმის შემოსასვლელი ზოლისა და მიმდებარე ქუჩების ინფრასტრუქტურის სრულ განახლებას.