ქობულეთის სოფელ ცეცხლაურში ახალი ნაგავსაყარი, რომლის მშენებლობა ოფიციალური ინფორმაციით 2021 წელს დასრულდა, მუშაობას მინიმუმ 2027 წლამდე ვერ დაიწყებს.
როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, ცეცხლაურში უნდა ააშენონ მყარი ნარჩენების მექანიკურ-ბიოლოგიური დამუშავების ობიექტი [გამწმენდი ნაგებობა – MBT]; ასევე არ დაწყებულა მუნიციპალური ნარჩენების შუალედური გადამტვირთი სადგურის მშენებლობა ბათუმში; ხოლო ცეცხლაურის ნაგავსაყარის გახსნამდე ვერ დაიხურება ადლიასთან არსებული ნაგავსაყარი.
ეს სამუშაოები რომ უნდა დაწყებულიყო, ამის შესახებ „ბათუმელებს“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან 2025 წლის მაისშიც მოგვწერეს [ახალი ნაგავსაყარის პროექტს სახელმწიფო შპს „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანია“ ახორციელებს, რომელსაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო მართავს].

ცეცხლაურის ნაგავსაყარი ქობულეთის შემოვლითი გზიდან დაახლოებით 1 კილომეტრში მდებარეობს. ნაგავსაყარის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტის საყოფაცხოვრებო ნარჩენები აქ უნდა გადამუშავდეს და განთავსდეს.
ნაგავსაყარის საკითხთან დაკავშირებით „ბათუმელებმა“ რამდენიმე კითხვით ამჯერად აჭარის მთავრობის პრესსამსახურს მიმართა, თუმცა, ჩვენს კითხვებს პასუხები კვლავ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გასცა.
ბათუმელების კითხვები და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პასუხები:
ბათუმელები: “რა ეტაპზეა მუნიციპალური ნარჩენების შუალედური გადამტვირთი სადგურის მშენებლობის პროექტი? [სადგურის მშენებლობა დაგეგმილი იყო ბათუმის სამრეწველო ზონაში]
სამინისტრო: ამ ეტაპზე საკონსულტაციო კომპანია მუშაობს და წარმოადგენს გადამტვირთი სადგურის დეტალური დიზაინის საბოლოო ვერსიას, რის შემდეგაც გამოცხადდება მშენებლობის ტენდერი.
ბათუმელები: როდის გამოცხადდება მყარი ნარჩენების მექანიკურ-ბიოლოგიური დამუშავების ობიექტის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი?
სამინისტრო: უკვე გამოცხადებულია საერთაშორისო ტენდერი და 2026 წლის 10 თებერვალს დასრულდება პრეტენდენტების მიერ ტექნიკური წინადადებების წარმოდგენა. გეგმის მიხედვით 2026 წლის სექტემბრისთვის მშენებელი კომპანია გამოვლენილი იქნება.
ბათუმელები: რა ეტაპზეა აჭარის მუნიციპალიტეტებისთვის სპეც.ტექნიკური საშუალებებისა და ნარჩენების შემგროვებელი კონტეინერების შეძენის საკითხი.
სამინისტრო: აღნიშნული საშუალებები გადამტვირთ სადგურს უკავშირდება, ამდენად მათ შესაძენად ტენდერი, გადამტვირთი სადგურის პროექტის განხორციელების პარალელურად გამოცხადდება.
ბათუმელები: როდის დაიწყებს ქობულეთის სოფელ ცეცხლაურში ახალი ნაგავსაყარი მუშაობას/ნარჩენების მიღებას?
სამინისტრო: როგორც კი ზემოთ აღნიშნული პროცესი დასრულდება.
ასევე, აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე პარალელურად მიმდინარეობს ბათუმის 1 და ქობულეთის 2 არასტანდარტული ნაგავსაყრელის დახურვის პროცედურები. კერძოდ, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია მუშაობს, რომ წარმოადგინოს ნაგვსაყრელების კონსერვაციის დეტალური დიზაინი“.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო სამინისტროს კომენტარი აჭარის მთავრობის პრესსამსახურმა 2026 წლის 14 იანვარს მოგვაწოდა.
ცეცხლაურში მყარი ნარჩენების მექანიკურ-ბიოლოგიური დამუშავების ობიექტის მშენებლობასთან დაკავშირებით გარემოს ეროვნულ სააგენტოში ამ ეტაპზე სკრინინგის პროცედურა მიმდინარეობს.
სააგენტომ წარდგენილი გზშ-ს საფუძველზე უნდა დაადგინოს დასაშვებია თუ არა არსებული პროექტის მიხედვით ახალი ობიექტის მშენებლობა ან/და რა ცვლილებების შეტანა იქნება საჭირო.
„ცეცხლაურის ტერიტორიაზე 2021 წელს დასრულდა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ახალი პოლიგონის მშენებლობა, რომელიც ექსპლოატაციაში ჯერ არ არის შესული…
ამ ეტაპზე, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ დაფინანსებული „მწვანე ქალაქების ჩარჩო პროექტის მე-2 ნაწილი (GrCF2 W2) – აჭარის მყარი ნარჩენების მართვის პროექტი, ფაზა II“ – ის ფარგლებში, მიზნად ისახავს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (A.R.A.) მყარი ნარჩენების მართვის ხელშეწყობას, რომელიც ითვალისწინებს მუნიციპალიტეტებში არსებული სტიქიური ნაგავსაყრელების დახურვას, გადამტვირთავი სადგურების მოწყობას და ნარჩენების მართვისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობას.
ამასთან, პროგრამის ფარგლებში, გათვალისწინებულია ცეცხლაურის არსებული ნარჩენების პოლიგონის მიმდებარედ, ნარჩენების მექანიკურ-ბიოლოგიური დამუშავების საწარმოს მშენებლობა,“ – წერია სკრინინგის ანგარიშში, რომელიც 2025 წლის დეკემბერშია მომზადებული.
2025 წლის 11 ივლისის საგრანტო შეთანხმება [აჭარის მყარი ნარჩენების პროექტი – ფაზა II] საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის, საკანონმდებლო მაცნეზე ამავე წლის სექტემბერში გამოქვეყნდა.
ამ დოკუმენტის მიხედვით ცეცხლაურში, სანიტარიულ ნაგავსაყრელთან, ნარჩენების გამწმენდი ნაგებობის (MBT) მშენებლობისთვის 6 მილიონი ევრო გრანტია გამოყოფილი:

აღნიშნული პროექტის გზშ-ის ანგარიშთან დაკავშირებულ წერილობით შენიშვნებისა და მოსაზრებებს კი გარემოს ეროვნული სააგენტო 2026 წლის 9 თებერვლის ჩათვლით მიიღებს მისამართზე:
- ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150, 0112
- eia@mepa.gov.ge (შენიშვნების/მოსაზრებების ელფოსტაზე გაგზავნისას უნდა მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).
ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, პოლიგონის უჯრედების გაფართოების გარეშე, ცეცხლაურის ნაგავსაყარი წლის განმავლობაში ადრე დაგეგმილი 75 000 ტონის ნაცვლად, 120 000 ტონამდე ნარჩენებს მიიღებს, პოლიგონის საექსპლუატაციო ვადა – 35 წელი კი, 20-22 წლამდე შემცირდება.
შპს „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანია“ არის ყოფილი შპს „ჰიგიენა 2009“, რომლის 100% წილის მფლობელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა. აჭარის მყარი ნარჩენების პროექტზე მუშაობა 2010 წელს დაიწყო, რისთვისაც 7 მილიონი ევრო სესხი და გრანტი იყო გამოყოფილი. აქედან 3 მილიონი ევრო EBRD-ის სესხი, ხოლო 4 მილიონი ევრო – შვედეთის სახელმწიფოს გრანტი.