პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე  შუა დერეფანში სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ერთიანი სატარიფო და სატრანზიტო პოლიტიკის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს. როგორც შოთა ბერეკაშვილმა “ბიზნესპარტნიორის” ღამის ეთერში სტუმრობისას განაცხადა, თუ არ მოხდა სატრანზიტო თუ სატარიფო პოლიტიკის ჰარმონიზაცია და ინტეგრირებული საოპერაციო მოდელის შექმნა,  ცალკე აღებული საქართველოს ლოგისტიკური სისტემა ბენეფიტებს ვერ მოგვცემს.

“ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების -  აზერბაიჯანისა და ყაზახეთის ინტერესები საქართველოს ინტერესებთან თანხვედრაშია. დიდი მნიშვნელობა აქვს ამ სივრცეში სწორად გვესმოდეს სად არის პრობლემები.მუშაობა მიმდინარეობს,  რომ შევქმნათ ერთიანი, კონკურენტუნარიანი ლოგისტიკური სივრცე და ინფრასტრუქტურის იმ ნაწილებში სადაც აუცილებელია, განვახორციელოთ ინვესტიციები.

ჩვენ უნდა შევძლოთ  ინფრასტრუქტურულ მოდერნიზაცია, გამჭვირვალე სატარიფო პოლიტიკის შემუშავება, რადგან თუ არის ზუსტი გადაზიდვის გრაფიკი, თუ დერეფანში არ ფიქსირდება შეფერხებები, ბუნებრივია, ტვირთების მოზიდვა მარტივდება. ეს იზიდავს ინვესტორს. ჩვენ როცა ვსაუბრობთ ანაკლიის პორტზე და სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სწორედ სახელმწიფოს და კერძო სექტორის თანამშრომლობით გაადვილდება ინვესტიციების მოზიდვა."-აღნიშნა შოთა ბერეკაშვილმა.

მისივე თქმით, სახელმწიფოს როლია შექმნას ინფრასტრუქტურა, გამჭვირვალე თამაშის წესები და მყარი ნიადაგი კერძო სექტორის განვითარებისთვის. ეს კი  ხელს უწყობს ბიზნესს, რომ მოიზიდოს ინვესტიციები.

"სტაბილურობა და კონკურენცია ქმნის ეკონომიკის განვითარების მნიშვნელოვან შესაძლებლობას. საქართველოს ეკონომიკა სტაბილურად იზრდება. მსოფლიო ბანკის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, აზიის განვითარების ბანკის პროგნოზები არის, რომ  შემდეგი 4 წლის განმავლობაში საქართველო განაგრძობს ეკონომიკურ ზრდას, რაც სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია,"-განაცხადა პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე.

bp.ge