ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ამბროლაურში კულტურის სახლის პროექტირებას იწყებს.
შესაბამისი ხელშეკრულება კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდა, რომლის მომსახურება ოთხი ეტაპისგან შედგება და სამუშაოების შესრულების საერთო ვადად 6 თვეა განსაზღვრული.
პროექტის მიზანია კულტურის სახლის სრულყოფილი რეაბილიტაცია, მისი ისტორიული იერსახის შენარჩუნება და თანამედროვე სტანდარტებთან ადაპტაცია.
რეაბილიტაციის შედეგად შენობა შეიძენს მრავალფუნქციური კულტურული ცენტრის ფუნქციას და გააერთიანებს სახალხო თეატრის, ფოლკლორულ, ქორეოგრაფიულ, სამუზეუმო და საგანმანათლებლო სივრცეებს.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოყენება და შენობის განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის ადაპტირება.
ამბროლაურის კულტურის სახლი, რომელიც განსაკუთრებული არქიტექტურით გამოირჩევა, ისტორიული და კულტურული მნიშვნელობით ყოველთვის წარმოადგენდა მრავალფეროვანი ღონისძიებების, კონცერტებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის მთავარ ადგილს.
ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.