ფრანგული ბრენდი, Dior რუსეთში ორი მაღაზიის ხელახლა გახსნას 2028 წლის 1-ელი იანვრისთვის გეგმავს. ამის შესახებ რუსეთში ბრენდის მენეჯერ Christian Dior Couture Stoleshnikov LLC-ის ფინანსური ანგარიშგების განმარტებით ბარათში წერია, რომელიც რუსულმა „კომერსანტმა“ მოიპოვა.
დოკუმენტის თანახმად, მოსკოვის ცენტრში ორი ლოკაცია ხელახლა გაიხსნება.
თუმცა რუსეთში უცხოური ბრენდების ოფიციალური დაბრუნება მხოლოდ შეზღუდვების მოხსნისა და სანქციების შემსუბუქების შემდეგ იქნება შესაძლებელი. ამჟამად ევროკავშირიდან რუსეთში 300 ევროზე მეტი ღირებულების ტანსაცმლისა და აქსესუარების ექსპორტი აკრძალულია.
2022 წლის მარტში უკრაინაში ომის გამო რუსეთში Dior-ის ბუტიკების მფლობელებმა ოპერაციების შეჩერება გადაწყვიტეს.
2023 წლისთვის ბრენდს ცხრა მაღაზია ჰქონდა დარჩენილი, რომელთაგან რვა მოსკოვში, ერთი კი სანქტ-პეტერბურგში მდებარეობდა.
2024 წელს ეს რიცხვი ოთხამდე შემცირდა. იმავე წლის ფინანსურ ანგარიშგებაში Christian Dior Couture Stoleshnikov LLC-მ თავისი მაღაზიების ნაწილის სრულად დახურვის გადაწყვეტილება გამოაცხადა.
ამასთან, Christian Dior-მა რუსეთში სავაჭრო ნიშნის რეგისტრაცია 2034 წლამდე განაახლა.
2025 წელს Christian Dior Couture Stoleshnikov LLC-ის შემოსავალმა მხოლოდ 592 000 რუბლი (7500 დოლარამდე), ხოლო სუფთა ზარალმა 120 მლნ რუბლი, (1.5 მლნ დოლარზე მეტი) შეადგინა. შედარებისთვის: 2021 წელს რუსეთში Dior-ის შემოსავალმა 8.5 მლრდ რუბლს (107.5 მლნ დოლარს) მიაღწია, სუფთა მოგებამ კი 1.38 მლრდ რუბლი (17.45 მლნ დოლარი) შეადგინა.
ცნობისთვის: ფრანგულ ჯგუფ LVMH-ში შემავალი Dior რუსეთში ოპერირებას 1990-იან წლებში იწყებს. 1994 წელს მან მოსკოვში პირველი ბუტიკი, ხოლო მოგვიანებით 170 კვადრატულ მეტრ ფართობზე სრულფასოვანი მაღაზია გახსნა. 1998 წელს კომპანიამ, ასევე, 600 კვადრატული მეტრის ბუტიკი გახსნა. შემდგომში მოსკოვის სავაჭრო ცენტრებში სხვა მაღაზიებიც გაიხსნა.