ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Broadcom-მა გასაჯაროებული ფინანსური ანგარიშით მოლოდინებს გადააჭარბა, რაც უპირველეს ყოვლისა, ხელოვნური ინტელექტის სექტორიდან მიღებული შემოსავლების გაორმაგებამ განაპირობა.
კომპანიის მონაცემებით, AI-ჩიპებისა და ქსელური გადაწყვეტილებების გაყიდვები წლიურად 106%-ით გაიზარდა და 8.4 მილიარდ დოლარს მიაღწია. ამ წარმატებამ Broadcom-ს საშუალება მისცა, კიდევ უფრო ოპტიმისტური პროგნოზი გაეკეთებინა და შემოსავლების 22 მილიარდ დოლარამდე ზრდა დაეანონსებინა, რაც ანალიტიკოსების ვარაუდებს მნიშვნელოვნად აღემატება.
Broadcom-ის აღმასრულებელი დირექტორის, ჰოკ ტანის განცხადებით, კომპანიას აქვს მკაფიო ხედვა, რომ 2027 წლისთვის მხოლოდ AI-ჩიპების გაყიდვებიდან მიღებულმა შემოსავალმა 100 მილიარდ დოლარს უნდა გადააჭარბოს.
მოთხოვნის ზრდა ძირითადად განპირობებულია ისეთი მსხვილი კლიენტების მხრიდან, როგორებიცაა: Google, Meta და OpenAI, რომლებიც Broadcom-ის სპეციალიზებულ აქსელერატორებს საკუთარი მონაცემთა ცენტრებისთვის იყენებენ.
გარდა ამისა, კომპანიამ აქციონერებისთვის სასიხარულო სიახლეც დააანონსა და აქციების გამოსყიდვის ახალი, 10-მილიარდიანი პროგრამა დაამტკიცა.
ამ პოზიტიურმა მაჩვენებლებმა Broadcom-ის აქციების ფასის მყისიერი ზრდა გამოიწვია, რადგან ინვესტორებისთვის ეს ანგარიში იმის დასტური აღმოჩნდა, რომ AI ინფრასტრუქტურაზე მოთხოვნა მართლაც სწრაფად იზრდება.