საინვესტიციო ბანკ Goldman Sachs-ის პროგნოზით, თუ ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადების მიწოდების შეფერხების აღმოფხვრის ნიშნები არ გამოჩნდება, მომავალ კვირას ნავთობის ფასები ბარელზე 100 დოლარს გადააჭარბებს.
ბანკის განცხადებით, თუ უახლოეს დღეებში ჰორმუზის სრუტეში ნაკადების ეტაპობრივი აღდგენის ნიშნებს ვერ დაინახავს, ნავთობის ფასებზე პროგნოზს გადახედავს. ამჟამად Goldman Sachs-ის საბაზისო პროგნოზი მარტში Brent-ის ტიპის ნავთობისთვის 80 დოლარის ფარგლებშია, ხოლო მეორე კვარტალში - 70 დოლარის ზედა ზღვარზე.
"ახლა მიგვაჩნია, რომ თუ ჰორმუზის სრუტეში ნაკადები მარტის განმავლობაში შეზღუდული დარჩება, ნავთობის (განსაკუთრებით კი ნავთობპროდუქტების) ფასები, სავარაუდოდ, 2008 და 2022 წლების პიკურ მაჩვენებლებს გადააჭარბებს", - ნათქვამია განცხადებაში.
პარასკევს ნედლი ნავთობის ფასმა, კვირის ჭრილში, ზრდა დააფიქსირა, რაც 2020 წლის გაზაფხულზე, COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ექსტრემალური მერყეობის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია. ზრდა განაპირობა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა, რომელმაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ჰორმუზის სრუტეში ენერგორესურსების ექსპორტი და გადაზიდვები შეაჩერა.
Goldman Sachs-ის შეფასებით, ამჟამად ჰორმუზის სრუტეში დღიური ნაკადები 90%-ით არის შემცირებული.
პარალელურად, ბრიტანულმა ბანკმა Barclays-მა ასევე განაცხადა, რომ თუ ახლო აღმოსავლეთში ომი კიდევ რამდენიმე კვირა გაგრძელდება, Brent-ის ფასმა შესაძლოა ბარელზე 120 დოლარს მიაღწიოს.