სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა თბილისის მერიის 2023 წლის ფინანსური ანგარიშის აუდიტი, რომელშიც მერიის ბალანსსა და აქტივებს აფასებს.
დოკუმენტის თანახმად, მერიას თანხობრივად აქვს აღრიცხული ისეთი აქტივი, რომლის ფიზიკური დადასტურებაც ვერ ხდება. ანგარიშის თანახმად, ასეთია 37 მილიონი ლარის უძრავი ქონება, რომელსაც არც მისამართი და არც საკადასტრო კოდი არ ეძებნება.
დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ თბილისის მერიაში აქტივების ღირებულების აღრიცხვის მიმართულებით არსებობს მრავალწლიანი და განგრძობადი ნაკლოვანება, რაც გულისხმობს იმას, რომ აქტივების საბაზრო ღირებულების შეფასება და რეგულარული გადათვლა არ ხდება.
"მერიას ფინანსურ ანგარიშგებაში „ძირითადი აქტივების“ მუხლში ერიცხება 37,447,782 ლარის ღირებულების მიწა, რომლებზეც არ არის მითითებული ზუსტი ადგილმდებარეობა და საკადასტრო კოდი. მუნიციპალიტეტი ქონებაზე მითითებული მონაცემებით ვერ ახდენს მიწის იდენტიფიცირებას და არსებობის დადასტურებას. შესაბამისად, ვერ მივიღეთ რწმუნება ფინანსურ ანგარიშგებაში აღრიცხული 37,447,782 ლარის სისწორეზე,"- ნათქვამია დოკუმენტში.
ამასთან, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, მერიას არასწორად აქვს აღრიცხული მის მიერ დაფუძნებული საწარმოების აქტივებიც. საუბარია თბილისის სატრანსპორტო კომპანიაზე, თბილსერვის ჯგუფსა და სხვა მუნიციპალურ კომპანიებზე, რომლებიც მერიის დაქვემდებარებაშია. 24 კომპანიის საერთო აქტივებად მერია 1.44 მილიარდ ლარს უთითებს, თუმცა აუდიტის ანგარიშის თანახმად, ამ ორგანიზაციებიდან 9-ს 2023 წლის მდგომარეობით ჰქონდა დაგროვილი ზარალი 747 მილიონი ლარის ოდენობით, ხოლო აქტივების სამართლიანად შეფასებისთვის აუცილებელია ამ ზარალის აქტივის ღირებულებისთვის გამოკლება და შესაბამისი რიცხვით შემცირება, რაც მერიის ფინანსურ სამსახურს არ გაუკეთებია.
"ორგანიზაციების 2023 წლის საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიშის შესწავლით გამოვლინდა, რომ მუნიციპალიტეტის 9 კონტროლირებულ საწარმოს უფიქსირდება აკუმულირებული ზარალი − 747,401,764 ლარი. ფინანსურ ანგარიშგებაში აღნიშნულ ორგანიზაციებზე ინვესტიციები ასახულია საბალანსო ღირებულებით − 1,141,076,287 ლარი, რომელიც არ არის შეცვლილი წლების განმავლობაში მიღებული 747,401,764 ლარის ზარალის მაჩვენებლის შესაბამისად,"- ვკითხულობთ აუდიტის ანგარიშში.