საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხაჯალია–სუფსის საავტომობილო გზაზე პერიოდული შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს.
„სამუშაოების წარმოების მიზნით, 2026 წლის 14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით, ხაჯალია–სუფსის საავტომობილო გზაზე ორივე მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
შეზღუდვის პერიოდში, გრიგოლეთის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები ნიგვზიანის წრიულიდან, ხოლო სამტრედიის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი - სუფსის წრიულიდან, საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია–ლანჩხუთი–გრიგოლეთის საავტომობილო გზით ისარგებლებს“ - ნათქვამია ინფორმაციაში.