საბანკო სფეროს სპეციალისტი ლია ელიავა ადასტურებს, რომ ყოველ წელს, ტურისტული სეზონის დაწყების წინ, ლარი მყარდება. ეს ყოველწლიური ტენდენციაა, თუმცა ახლა ლარი მკვეთრად გამყარდა.

„რა თქმა უნდა, ამის მიზეზი მარტო ტურისტული სეზონი არ არის. უნდა გავითვალისწინოთ ისეთი გლობალური ტენდენცია, როგორიცაა ნავთობის ფასის მერყეობა. შავი ოქრო, ძირითადად, ივაჭრება დოლარით და მისი ფასის მერყეობა ავტომატურად იწვევს დოლარის რყევას სხვა უცხოური ვალუტების მიმართ. ამ გარემოებაზე რეაგირებენ ჩვენი საბანკო სექტორის წარმომადგენლებიც, რომელთა საქმიანობის შედეგად იცვლება ლარის კურსი. ეს ტენდენცია საქართველოზე არანაირად არ არის დამოკიდებული - არც მის ეკონომიკურ და პოლიტიკურ პროცესებზე. დიახ, ლარი მყარდება, მაგრამ მისი მკვეთრი გამყარება ეკონომიკისთვის ნამდვილად არ არის სასიკეთო“, - განუცხადა „რეზონანსს“ ლია ელიავამ.

სპეციალისტის განცხადებით, ლარის ზედმეტი გამყარება არასასურველია იმიტომ, რომ ბიზნესის შემოსავლები ლარში შემცირდება. მნიშვნელობა არ აქვს, როგორი იქნება ლარის კურსი, რადგან მთავარია, იგი სტაბილური იყოს.

„ეს ნიშნავს, რომ კურსი არ მერყეობდეს და პროგნიზირებადი იყოს, რომ ადამიანებმა - როგორც ბიზნესის წარმომადგენლებმა, ასევე ფიზიკურმა პირებმა, თავისი ეკონომიკური საქმიანობისა და შედეგების პროგნოზირება შეძლონ. აქედან გამომდინარე, ლარის გამყარება კი არ არის პოზიტიური ტენდენცია, არამედ კურსის სტაბილურობაა მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა ლია ელიავამ.

იგივე პოზიციას აფიქსირებს ეკონომიკის აკადემიური დოქტორი გოჩა თუთბერიძე. მისი აზრით, სავალუტო შემოდინებების ზრდასთან ერთად, ლარის გამყარებას ხელს უწყობს ემიგრანტების გადმორიცხვებიც, რაც მაისში 15-20%-ით გაიზარდა.

„რა თქმა უნდა, ეს იწვევს ლარის გამყარებას, თუმცა მნიშვნელოვანია ეროვნული ბანკის პოლიტიკაც. სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი უკვე გაზარდა და ესეც წარმოშობს მოთხოვნას ეროვნულ ვალუტაზე. დედოლარიზაციის პროცესი, რომელსაც ეროვნული ბანკი აწარმოებს, ლარის გამყარებას უწყობს ხელს, რადგან მოთხოვნა იზრდება ლარზე. დოლარის პოზიციების შესუსტებაც მნიშვნელოვანი ფაქტორია, თუმცა უნდა დავაკვირდეთ იმასაც, რომ ლარი ევროსთან მიმართებითაც მნიშვნელოვნად გამყარდა ბოლო პერიოდში“, - ამბობს გოჩა თუთბერიძე.

მისი თქმით, ლარი უფრო სწრაფად გამყარდებოდა, ეროვნული ბანკი რომ არ ყიდულობდეს უცხოურ ვალუტას. ბოლო პერიოდში, სებ-მა ასეულობით მილიონი დოლარი შეისყიდა, რაც ანელებს ლარის გაძლიერების პროცესს.

„ზოგადად, ლარის სწრაფად გამყარება სასურველი არ არის, ისევე, როგორც გაუფასურებაც არასასურველია. სჯობს, კურსი ყოველთვის სტაბილური იყოს, რადგან ეს  უმთავრესი ფაქტორია. ამიტომ, ეროვნული ბანკი ცდილობს, რომ ლარი სწრაფად არ გამყარდეს.

გარდა ამისა, დაიწყო ტურისტული სეზონი და თავისთავად ცხადია, კიდევ უფრო გაიზრდება უცხოური ვალუტის შემოდინება ქვეყანაში და შესაბამისად, ესეც ლარის გამყარებას შეუწყობს ხელს. აქედან გამომდინარე, ეს პროგნოზი სრულიად გამართლებულია და ვფიქრობ, საკმარისი საფუძველი გააჩნია“, - აღნიშნა გოჩა თუთბერიძემ.

www.resonancedaily.com