"საზოგადოება და ბანკების" დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის შემცირება მოსალოდნელი არ იყო, რადგან მსოფლიოში არსებული გაურკვევლობა საქართველოს ეკონომიკაზეც აისახება.

როგორც გიორგი კეპულაძე "ანალიტიკასთან" აღნიშნავს, მონეტალური პოლიტიკის შერბილების ფუფუნება დღეს სებს არ აქვს.

"ლარის კურსის გამყარება დოლარის გლობალური დასუსტებისა და ტრამპის პოლიტიკის შედეგია. ის გაურკვევლობა, რაც არის საერთაშორისო ბაზარზე, იგივე ამერიკის საფონდო ბირჟასთან, თუ ტარიფების პოლიტიკასთან დაკავშირებით - ეს საქართველოსაც გადმოეცემა, რა თქმა უნდა, რადგან მოგეხსენებათ, სამომხმარებლო კალათაში იმპორტირებული პროდუქციის წილი საკმაოდ დიდია, თითქმის 80%.

ჩვენ არ უნდა ვუყუროთ მხოლოდ დოლარს და ჩვენს სავაჭრო პარტნიორებსაც უნდა დავაკვირდეთ, შესაბამისად, ვფიქრობ, ლოგიკური იყო [რეფინანსირების განაკვეთის] 8%-ზე შენარჩუნება. სებს მონეტარული პოლიტიკის შერბილების ფუფუნება დღეს არ აქვს, პირიქით, შეგვეძლო გვეფიქრა გამკაცრებაზეც", - აღნიშნავს გიორგი კეპულაძე.

კეპულაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ცენტრალურ ბანკს მონეტარული პოლიტიკის შერბილების შანსი გასული წლის მეორე ნახევარში ჰქონდა, თუმცა სების გადაწყვეტილებაზე გავლენა პოლიტიკურმა პროცესებმა იქონია.

"მაშინ მოგეხსენებათ, გამოწვევა იყო არჩევნები, პოლიტიკური დღის წესრიგი და ამიტომაა ცუდი, რომ ეროვნული ბანკი ვერ იღებს პოლიტიკური კონიუნქტურისგან დაცლილ გადაწყვეტილებას. მესმის, რომ პოლიტიკას ყოველთვის უნდა შეხედოს, თუ რა მდგომარეობაა ქვეყანაში, მაგრამ, როდესაც შენ საარჩევნო დღის წესრიგს მიყვები, მაშინ ეროვნული ბანკის პრეზიდენტიც შევცვალოთ 4 წელიწადში ერთხელ, როგორც იცვლება ან უნდა შეიცვალოს მთავრობა. იმიტომ არის [პრეზიდენტობის] 7-წლიანი ციკლი, რომ პოლიტიკურ ციკლებს არ ემთხვეოდეს და სების დამოუკიდებლობა იყოს შენარჩუნებული", - განმარტავს კეპულაძე.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2025 წლის 12 მარტის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთის) უცვლელად, 8%-ზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. სებ-ის განმარტებით, იმის მიუხედავად რომ უკანასკნელ პერიოდში ინფლაციური მოლოდინები გააქტიურდა, მთლიანობაში მოსალოდნელია რომ საშუალოვადიან პერიოდში ინლფაცია მაინც სამიზნე 3%-თან ახლოს იქნება.

bm.ge