12 მარტს, საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესების მიზნით, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, ეროვნული ბანკის, კომუნიკაციების კომისიის და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან საინფორმაციო - სამუშაო შეხვედრა გაიმართა - ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

„ღონისძიება გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა - საქართველოს პარლამენტის წევრმა, სამველ მანუკიანმა; სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, დავით ვარდიაშვილმა; ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერმა, მელქონ მაკარიანმა; კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ; დაზღვევის ზედამხედველობის სახელმწიფო სამსახურის უფროსმა, დავით ონოფრიშვილმა და სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ.

მომხმარებელთა დაცვის III საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, ერთ-ერთი მთავარი ყურადღება ეთმობა - შშმ პირების და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების აქტიურ ჩართულობას, მათთვის ინფორმაციის თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.

პანელური დისკუსიის ფორმატში, მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე პასუხისმგებელმა ექვსმა მარეგულირებელმა უწყებამ მიღებულ შედეგები, გამოწვევები და აღსრულების მექანიზმები მიმოიხილა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა, სადაც დეტალურად გაეცა პასუხები - თუ როგორ უნდა დაიცვას მომხმარებელმა საკუთარი უფლებები, ვის უნდა მიმართოს დარღვევის შემთხვევაში და რა ფორმით.

კვირეულის ფარგლებში, მომხმარებლებთან სამუშაო - საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება: 14 მარტს - ზუგდიდში და 15 მარტს ბათუმში“ - ნათქვამია ინფორმაციაში.