ევროპარლამენტმა უკრაინის მხარდამჭერი ახალი რეზოლუცია მიიღო.

დოკუმენტს მხარი დაუჭირა 442 ევროპარლამენტარმა, წინააღმდეგი იყო 98, ხოლო 126 თავი შეიკავა.

რეზოლუციის თანახმად, ევროკავშირი ახლა უკრაინის მთავარი სტრატეგიული მოკავშირეა და ვალდებულია, დაეხმაროს ქვეყანას თავდაცვის უფლებაში.

„რუსეთის აგრესიული ომის მიმართ აშშ-ის პოზიციის აშკარა ცვლილების შემდეგ, რაც მოიცავდა უკრაინის ღიად დადანაშაულებას მიმდინარე ომში, ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები ახლა უკრაინის მთავარი სტრატეგიული მოკავშირეები არიან და უნდა შეინარჩუნონ თავიანთი როლი როგორც მისმა უდიდესმა დონორმა“, – აღნიშნულია რეზოლუციაში.

დოკუმენტის მიხედვით, ევროპარლამენტარები მიესალმებიან 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას. მათი მოლოდინია, რომ რუსეთი დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტას, რის შემდეგაც შეწყვეტს უკრაინის მოსახლეობაზე და ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას.

რეზოლუციაში ასევე თანხმდებიან, რომ რუსეთის შემდგომი აგრესიის შესაკავებლად, ევროკავშირმა წვლილი უნდა შეიტანოს უკრაინისთვის მყარი უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაში.

ევროპარლამენტარები ასევე მკაცრად ეწინააღმდეგებიან ნებისმიერ მცდელობას, შანტაჟით აიძულონ უკრაინის ხელმძღვანელობა კაპიტულაციაზე მხოლოდ ე.წ. სამშვიდობო შეთანხმების გასაადვილებლად.

რეზოლუციაში ასევე ნათქვამია, რომ ევროპულ უსაფრთხოებაზე მოლაპარაკებები არ შეიძლება, წარიმართოს ევროკავშირის დასწრების გარეშე, ასევე საუბარია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ევროდეპუტატები თანხმდებიან, რომ უკრაინის მომავალი არის ევროკავშირში.

1tv.ge