კრემლი უარს ამბობს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებულ დროებით ზავზე და მიიჩნევს, რომ ეს იქნება "ამოსუნთქვა" უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის. ამის შესახებ საგარეო საკითხებში ვლადიმირ პუტინის მრავალწლიანმა მრჩეველმა და აშშ-სთან მოლაპარაკებებში რუსეთის წარმომადგენელმა, იური უშაკოვმა განაცხადა.

"ჩვენი მიზანი გრძელვადიანი მშვიდობიანი დარეგულირებაა, ჩვენ ამისკენ მივისწრაფით, ეს უნდა მოიცავდეს ჩვენი სახელმწიფოს კანონიერ ინტერესებს, ჩვენს უკვე მრავალჯერ გამოთქმულ წუხილებს"- განაცხადა უშაკოვმა.

დონალდ ტრამპის მიერ წარდგენილ სამშვიდობო ინიციატივაზე საუბრისას უშაკოვმა განაცხადა, რომ "ნაბიჯები, რომლებიც მშვიდობიან მოქმედებებს იმიტირებენ არავის სჭირდება."

პუტინის მრჩეველი ამბობს, რომ უკვე გააცნო კრემლის პოზიცია თავის ამერიკელ კოლეგას, დონალდ ტრამპის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცს. უშაკოვსა და უოლცს შორის სატელეფონო საუბარი 12 მარტს შედგა.

ტრამპის ინიციატივაზე ჯერ არ უსაუბრია ვლადიმირ პუტინს - რუსული სახელმწიფო მედიის ცნობით, ეს შესაძლოა ბელარუსის დიქტატორ, ალექსანდ ლუკაშენკასთან გასამართ ერთობლივ პრესკონფერენციაზე მოხდეს.

    ფრონტის მთელ გაყოლებაზე ცეცხლის 30 დღით შეწყვეტა ამერიკული ადმინისტრაციის წინადადება იყო, რომელსაც უკრაინული დელეგაცია 11 მარტს საუდის არაბეთის ქალაქ ჯედაში გამართულ შეხვედრაზე დათანხმდა.

    ეს 2 ქვეყნის დელეგაციების პირველი შეხვედრა იყო თეთრ სახლში გამართული სკანდალური პრესკონფერენციის შემდეგ. შეხვედრის შემდეგ ამერიკამ აღადგინა უკრაინის სამხედრო და სადაზვერვო დახმარება.

    ამერიკელი მაღალჩინოსნები ამბობდნენ, რომ ბურთი რუსეთის მოედანზეა და მათი უარი მრავლისმეტყველი იქნება.

    შეთანხმებაზე უარის შემთხვევაში რუსეთის დამანგრეველი ფინანსური ზომების შესახებ ისაუბრა დონალდ ტრამპმა 12 მარტს ოვალურ კაბინეტში გამართულ პრესკონფერენციაზე. 

    realpolitika.ge