Reuters ორ გერმანულ გაზეთზე დაყრდნობით წერს, რომ გერმანიის ფედერალურმა დაზვერვის სამსახურმა 2020 წელს 80-90%-ით შეაფასა ალბათობა იმისა, რომ COVID-19-ის პანდემიის გამომწვევი კორონავირუსი შეცდომით გაეშვა ჩინეთის ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტიდან.

"Die Zeit"-ისა და "Sueddeutscher Zeitung"-ის გამოცემების ერთობლივი ანგარიშის მიხედვით, გერმანიის ფედერალურ დაზვერვის სამსახურს ჰქონდა ინფორმაცია, რომ აღნიშნულ ინსტიტუტში ჩატარებულა ე.წ. "ფუნქციის შემძენი" ექსპერიმენტები, რაც სამეცნიერო კვლევების მიზნებისთვის ვირუსების მოდიფიცირებას გულისხმიბს, რათა ისინი ადამიანებისთვის უფრო გადამდები გახდნენ.

ასევე არსებობდა ნიშნები იმისა, რომ ლაბორატორიაში არაერთი უსაფრთხოების ნორმის დარღვევა დაფიქსირდა, ნათქვამია ანგარიშში.

დაზვერვის სააგენტოს შეფასება საჯაროდ ხელმისაწვდომ მონაცემებსა და დაუზუსტებელ სადაზვერვო ოპერაციას ეფუძნებოდა, რომელსაც კოდური სახელი "Saaremaa" ჰქონდა. ანგარიშის მიხედვით, ეს მოკვლევა დაკვეთილი იყო გერმანიის იმდროინდელი კანცლერის, ანგელა მერკელის, ოფისის მიერ, თუმცა ის არასდროს გამოქვეყნებულა.

Reuters წერს, რომ გერმანიის ფედერალურმა დაზვერვის სამსახურმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა. 12 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე, როდესაც ჟურნალისტებმა აღნიშნული ანგარიში ახსენეს, გერმანიის მოქმედმა კანცლერმამ ოლაფ შოლცმაც არ გააკეთა კომენტარი.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ეს შეფასება გერმანულმა სამსახურმა 2024 წლის შემოდგომაზე აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს (CIA) გაუზიარა.

CIA-ის სპიკერმა 2025 წლის იანვარში განაცხადა, რომ სააგენტოს შეფასებით, COVID-19-ის პანდემიის წარმოშობის ლაბორატორიული ვერსია უფრო სავარაუდოა, ვიდრე მისი ბუნებრივი წარმოშობა.

CIA-მ ასევე აღნიშნა, რომ ამ შეფასებაში მისი ნდობის დონე "დაბალია" და რომ ორივე ვერსია – როგორც ლაბორატორიული, ასევე ბუნებრივი წარმოშობა – კვლავ შესაძლებელია.

tabula.ge