ქვეყანაში მშენებლობის ხარჯების ზრდა 2022-2023 წლებში დაიწყო. გაძვირება ორმა მთავარმა ფაქტორმა განაპირობა. ესენია მუშა ხელის ხელფასების ზრდა და სამშენებლო მასალებზე ფასების მატება. კომპანია „ექს სითი დეველოპმენტის“ დირექტორი გიორგი მჭედლიშვილი „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ მშენებლობის ხარჯების ზრდაში მთავარი ფაქტორი ხელფასების მატებაა. მისი თქმით, ბოლო ერთ წელში ანაზღაურებამ 40%-ით მოიმატა. გარდა ამისა, მშენებლობა ახალი რეგულაციების შემოღებამაც გააძვირა.
,,ბევრი რეგულაცია დაემატა. ბევრს ვეთანხმები, ნაწილს არ ვეთანხმები. ეს რეგულაციები ცალკე ზრდის ბინებზე ფასებს. სერიოზული გაძვირებაა მუშახელის ხელფასებში. მასალებს რაც შეეხება პროპორციულად იზრდება. მზარდია ყოველ კვარტალში ერთხელ. ანუ კატასტროფა არ არის, თუმცა იზრდება, რადგან იმპორტულია. ზოგადად მსოფლიოში იზრდება ფასი. იმპორტულ მასალებზე აქედან გამომდინარე არის ფასნამატი. ხელფასების ზრდაში კატასტროფული ტემპია. კვარტალში იზრდება დიდი პროცენტულობით. ბოლო ერთი წლის განმავლობაში რამის 40%-ით გაიზარდა ჩვენს კომპანიაში მუშახელის ხელფასი.“- აცხადებს გიორგი მჭედლიშვილი.
სამშენებლო კომპანია ,,ანაგის“ გენერალური დირექტორი ირაკლი გოგოლიშვილი ,,კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ მშენებლობის გაძვირება ძირითადად დაკავშირებულია შრომის ანაზღაურების ზრდასთან. მშენებლობის ხარჯების მატებამ ბინების ფასზეც იმოქმედა და ერთი კვადრატულის ღირებულება საშუალოდ 30%-ით არის გაძვირებული.
,,მასალებიც გაძვირებულია, მაგრამ ძირითადად მაინც შრომის ანაზღაურებასთან არის დაკავშირებული. გიდასტურებთ რომ ანაზღაურება გაძვირებულია 30-40%-ით. შეიძლება მეტითაც რიგ შემთხვევაში. მასალების ფასის ზრდაც არის. წლის ბოლოს ყველა უცხოური კომპანია საიმპორტო მასალების ფასს ცვლის და ცვლილება არის ზრდისკენ მიმართული. ეს არ არის სიახლე. წარსულშიც ასე იყო, აწმყოშიც ასეა და ალბათ, მომავალშიც ასე იქნება. ბუნებრივია ეს უკვე აისახა ბინების ფასში. საშუალოდ სულ მცირე 30%-ით არის გაზრდილი ფასი. მიჭირს იმისი თქმა, რომ ფასების ზრდა შენარჩუნდება. სავარაუდოდ უკვე ძალიან ახლოს უნდა იყოს სტაბილიზაციისკენ. ყოველ შემთხვევაში ასე გვინდა, რომ იყოს. სურვილია, რომ განუსაზღვრელად ზრდა აღარ გაგრძელდეს.“- აცხადებს ირაკლი გოგოლიშვილი.
სამშენებლო კომპანია „ანაგის“ გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით დაწესებულ რეგულაციებს მიესალმება, თუმცა ირაკლი გოგოლიშვილი აღნიშნავს, რომ საჭიროა სამართლიანი მიდგომა და ყველას მხრიდან რეგულაციების შესრულება.
,,შრომის უსაფრთხოების რეგულაციები ყველაფერი მისაღებია. შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოთხოვნები უნდა გავითვალისწინოთ. უბრალოდ სამართლიანად, ყველასთან უნდა იყოს ეს მოთხოვნა. მეორე, ეს მოთხოვნები კომპენსირდება ფასში. კომპენსირდება პირველ რიგში დროში. უფრო მეტი დრო სჭირდება ამოცანების ამოხსნას. შესაბამისად, მეტი ინვენტარი სჭირდება, რომელიც ასევე ღირებულია. რეგულაციებს უნდა მივყვეთ, თუმცა ფაქტია, რომ ეს თავის ასახვას გარკვეულ წილად ფასში პოულობს.''- აცხადებს ირაკლი გოგოლიშვილი.