საქართველოს მიკროსაფინანსო სექტორმა 2026 წლის პირველ ნახევარში წმინდა მოგება მნიშვნელოვნად გაზარდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, სექტორის წმინდა მოგებამ 117.5 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2025 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 66.5%-ით მეტია. გასული წლის პირველ ექვს თვეში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წმინდა მოგება 70.5 მლნ ლარს შეადგენდა.
ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, მიკროსაფინანსო სექტორის მთლიანი აქტივები 2.579 მილიარდ ლარს აღწევს, ხოლო ვალდებულებები 1.7 მილიარდ ლარს შეადგენს.
2026 წლის პირველი ნახევრის მდგომარეობით, ბაზარზე მოქმედ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ჯამში 872 313 სესხი აქვთ გაცემული. საკრედიტო პორტფელის მოცულობა 2.171 მილიარდ ლარია.
სექტორის დაკრედიტებაში კვლავ დომინირებს სალომბარდე სესხები. ამ მიმართულებით გაცემულია 800 354 სესხი, რომელთა საერთო მოცულობა 1.722 მილიარდ ლარს შეადგენს. შესაბამისად, სალომბარდე სესხებზე მოდის მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მთლიანი საკრედიტო პორტფელის დაახლოებით 79%.
საკრედიტო პორტფელის სტრუქტურაში მეორე ადგილზეა სამომხმარებლო სესხები, რომელთა მოცულობა 287.4 მილიონ ლარს აღწევს, ხოლო მესამე პოზიციას ვაჭრობისა და მომსახურების სექტორის დაკრედიტება იკავებს 80.5 მილიონი ლარის პორტფელით.
რაც შეეხება ბიზნესის დაფინანსებას, იურიდიულ პირებზე გაცემულია 534 სესხი, რომელთა საერთო მოცულობა 20.495 მილიონ ლარს შეადგენს.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ამჟამად ქვეყნის ბაზარზე 28 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებს.