სვანეთში საზაფხულო ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაშია. სასტუმრო „მესტია ინნის“ (Mestia Inn) გენერალური მენეჯერის, ნიკოლოზ პეტრიაშვილის განცხადებით, მაისიდან დღემდე რეგიონში ვიზიტორთა მაღალი დინამიკა ფიქსირდება და სასტუმროს დატვირთულობის მაჩვენებელი სტაბილურად ინარჩუნებს მაღალ, 70%-იან და მეტ ნიშნულს.
როგორც ნიკოლოზ პეტრიაშვილი აღნიშნავს, მიმდინარე სეზონზე სტუმრების ძირითად სეგმენტს საერთაშორისო ტურისტები შეადგენენ. ვიზიტორთა გეოგრაფია საკმაოდ მრავალფეროვანია და მოიცავს როგორც ევროპის ქვეყნებს (ესპანეთი, იტალია, ნორვეგია, დანია, დიდი ბრიტანეთი, ირლანდია), ისე ამერიკის შეერთებულ შტატებს, ავსტრალიასა და ისრაელს. მისი განცხადებით, საერთაშორისო ბაზრებზე საქართველოს მიმართ ინტერესს მარკეტინგული კამპანიებიც უწყობს ხელს. „რეკლამებიც, როგორც ვიცი, გაშვებულია სხვადასხვა ქვეყნებში, ამიტომ ძალიან ბევრი საერთაშორისო ვიზიტორი გვყავს” – აღნიშნავს ნიკოლოზ პეტრიაშვილი.
„ვიზიტორებს ძირითადად წინასწარ გაწერილი ტურისტული მარშრუტები აქვთ, სადაც ყაზბეგთან და ქუთაისთან ერთად, მესტია ერთ-ერთ აუცილებლად სანახავ დანიშნულების ადგილს წარმოადგენს. სტუმრები მესტიაში საშუალოდ 1-2 ღამით ჩერდებიან და ადგილობრივ ღირსშესანიშნაობებს ათვალიერებენ”.
სასტუმროს მენეჯმენტის მოლოდინით, არსებული ჯავშნების მიხედვით, ვიზიტორების მაღალი ნაკადი და დატვირთულობა სეზონის ბოლომდე უცვლელად გაგრძელდება.
ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს