საქართველოში სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველად შეთავაზებასთან დაკავშირებული უსაფრთხო და გამჭვირვალე რეგულირებისა და საზედამხედველო ჩარჩოს ჩამოყალიბების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შესაბამისი რეგულაცია შეიმუშავა.

ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

„ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მიერ სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველადი შეთავაზების წესით“ განისაზღვრება პირველადი შეთავაზების, მათ შორის, გამოშვების წინაპირობები და შემდგომ მომსახურებასთან დაკავშირებული წესები და მოთხოვნები. ასევე, მომსახურებაში ჩართულ მხარეთა უფლებები და ვალდებულებები.

დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში შესაძლებელი ხდება სტეიბლკოინების, მათ შორის ლარზე მიბმული ციფრული აქტივების გამოშვება.

ბრძანების ამოქმედების შემდეგ სტეიბლკოინის გამოშვება საქართველოს ტერიტორიაზე შესაძლებელი იქნება მხოლოდ ეროვნული ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობით. ამასთან, კომპანიები ვალდებული იქნებიან დარეგისტრირდნენ, როგორც ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერები.

რეგულაცია სტეიბლკოინების სამ კატეგორიას განსაზღვრავს: ლარზე მიბმულ, უცხოურ ვალუტაზე მიბმულ და სხვა აქტივებით უზრუნველყოფილ სტეიბლკოინებს. ყველა შემთხვევაში აუცილებელია 100%-იანი სარეზერვო უზრუნველყოფა, რომელიც მკაფიოდ უნდა იყოს გამიჯნული ემიტენტის საკუთარი აქტივებისგან.

სტეიბლკოინის ემიტენტებისთვის განსაზღვრულია მინიმუმ 500 000 ლარის საზედამხედველო კაპიტალი. სარეზერვო აქტივების მოცულობის ზრდასთან ერთად იზრდება კაპიტალის მოთხოვნაც და შეიძლება მაქსიმუმ 50 მილიონ ლარს მიაღწიოს. იმ შემთხვევაში, თუ სარეზერვო აქტივები 15 მილიონ ლარს გადააჭარბებს, კომპანიას სამეთვალყურეო საბჭოს შექმნაც დაევალება.