ეკონომიკის დოქტორი ირაკლი მაკალათია მიიჩნევს, რომ მთავრობისა და საზოგადოების ზრუნვის მთავარი მიმართულება უნდა იყოს არა ის, როგორ შემცირდეს კონკრეტულ პროდუქტებზე ფასები, არამედ ქვეყანას უნდა გააჩნდეს ეკონომიკური პოლიტიკა, როგორ გამდიდრდნენ ადამიანები და როგორ გაიზარდოს შემოსავლები.
რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას ირაკლი მაკალათია განმარტავს, რატომ ვერ გრძნობენ ადამიანები სურსათზე ფასების კლებას, როცა გარკვეული სტატისტიკა სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ სხვადასხვა პროდუქტი იაფდება.
„იმისთვის, რომ ინფლაციის მაჩვენებელი შევაფასოთ, ორი მიმართულებაა - ერთია ყოველწლიურ ჭრილში და მეორე - თვის მაჩვენებლებში.
წლიურ ჭრილში რაც გვაქვს ზოგადი ინფლაციის მაჩვენებელი 4.6%-ია, სამაგიეროდ, თვის მაჩვენებელი 0.2%-ია, რაც საკმაოდ დიდი დაშორება, მკვეთრი განსხვავებაა, განსაკუთრებით კი ეს სურსათის ჯგუფში იგრძნობა. წინა თვესთან შედარებით, თებერვალში ფასები არა თუ გაიზარდა, არამედ პირიქით, კლება დაფიქსირდა 0.3%-ით, სამაგიეროდ, წლიურ ჭრილში, ანუ წინა წლის შესაბამის თვესთან, თებერვალთან შედარებით სურსათზე გვაქვს 9.5%-იანი ინფლაციის მაჩვენებელი.
საზოგადოებაში შეიძლება გაჩნდეს შეკითხვა - თუ კლება დაფიქსირდა, რატომ არ აისახა მასზე? ამის მარტივი ახსნა არის მეთოდოლოგიური ახსნა - ოფიციალური მონაცემები განსხვავებულია პერსონალურ ინფლაციასთან მიმართებაში. ეს გულისხმობს, რომ როცა ინფლაციის, ანუ პროდუქტების ფასებს იღებენ, ცხადია, მთელი ქვეყნის ყველა ბაზრიდან და მარკეტიდან ფასებს ვერ აიღებენ და ვერ გაასაშუალოებენ. შესაბამისად, ფასებს იღებენ 6 ქალაქის ძირითადი ბაზრებიდან. ამდენად, თუ ვინმე პერსონალურად აღიქვამს იმას, რომ ჩემი პროდუქტი უფრო მეტად არის გაძვირებული, ვიდრე ეს ოფიციალურ მონაცემებში ჩანს, ამის მარტივი ახსნა შეიძლება იყოს ის, რომ ამ ადამიანის პროდუქტი თუ მარკეტი შერჩევაში არ მოხვედრილა. ანუ შეიძლება სხვა ქალაქში ცხოვრობენ და მისი ქალაქი არ არის შერჩევაში მოხვედრილი“, - განმარტავს ირაკლი მაკალათია.
მისივე თქმით, წლების წინ რთულად წარმოიდგენდა იმას, რომ შეიქმნებოდა კომისია, რომელიც ფასების შემცირების განკარგულებებს გასცემდა.
„ეს არანაირ ეკონომიკურ კანონზომიერებაში არ ჯდება. თუ ასეა და კომისიას შეუძლია ფასების შემცირება, თქვას, რომ პური 30 თეთრზე ძვირად არ გაიყიდოს, ხომ მარტივი გადასაწყვეტია და მაშინ ამ ღონისძიებას რატომ არ მივმართავთ? გამოდის, სხვა რაღაც ხდება - ფასებს სწორედ ბაზარი განსაზღვრავს და არა კონკრეტული ჩინოვნიკის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
ამავე დროს, მივივიწყეთ 520-ე დადგენილება ჯანდაცვაში, როცა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მთავრობამ განაცხადა, რომ კონკრეტულ ფასზე ზემოთ ოპერაციები, მომსახურება არ უნდა გასწიონ კლინიკებმა. შედეგად მივიღეთ ის, რომ გაჩერდა მთელი რიგი მიმართულებები, რადგან კლინიკის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ მთავრობის მიერ დაწესებული ზღვარი თვითღირებულებაზე დაბალი იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ მსგავსი გადაწყვეტილებით ან დეფიციტს შექმნი, ან ხარისხს გააუარესებ ან შავ ბაზარს გაუხსნი ხელ-ფეხს, რაც პირიქით, კიდევ უფრო დააზარალებს ადამიანების ცხოვრების დონეს. ჩვენ უნდა ვსაუბრობდეთ არა იმაზე, როგორ გავაიაფოთ პროდუქტები, არამედ მთავარი საზრუნავი უნდა იყოს და უნდა გვქონდეს ეკონომიკური პოლიტიკა, როგორ გამდიდრდნენ ადამიანები, როგორ გაიზარდოს შემოსავლები“, - აცხადებს ირაკლი მაკალათია.