საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის თებერვალში რესტორანში სადილის საშუალო ფასი წლიურად 6%-ით გაიზარდა.

როგორც რადიო „კომერსანტის“ ეთერში რესტორატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი შოთა ბურჯანაძე განმარტავს, იმდენად დიდია პროდუქტებზე ფასების ზრდა, წარმოუდგენელია, ეს მენიუზეც არ აისახოს. ამას ემატება სფეროს გადართვა ახალ სტანდარტებზე, რაც გარკვეულ ხარჯებს მოითხოვს, ესეც ფასში შედის და საბოლოოდ მომხმარებელზე აისახება.

„დავიწყოთ იმით, რომ ინგრედიენტების ფასებია ცვალებადი. გაძვირდა ხორცი, რძის პროდუქტები და შესაბამისად, მენიუში არსებულ ფასებზეც აისახა. ჩვენს ქვეყანაში არსებობს ზამთრისა და ზაფხულის სეზონები - ზამთარში გარკვეულწილად მოსალოდნელია ფასის ზრდა გარკვეულ პერიოდზე, ზაფხულში კი - კლება, ასეთი ტენდენცია ყოველთვის იყო, მაგრამ ბოლო პერიოდში ეს ტენდენცია შემცირდა. ანუ ზაფხულში რომ უნდა დაიკლოს ბოსტნეულმა თუ ხილმა, ხორცმა და რძის პროდუქტებმა, იკლებს მხოლოდ მცირე ნაწილი, დიდი კლება აღარ გვაქვს“, - განმარტავს შოთა ბურჯანაძე.

შოთა ბურჯანაძე ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებსაც აფასებს და აცხადებს, რომ ბუნებრივია, ეს ყველაფერი საქართველოზე გავლენას იქონიებს. მისი თქმით, ომებისა და კონფლიქტების დროს პირველ რიგში ტურიზმი ზარალდება.

„რა თქმა უნდა, როცა რეგიონში დაძაბული სიტუაციაა, მიმდინარეობს ომი, არ შეიძლება, რომ ეს გავლენას არ ახდენდეს სხვადასხვა სფეროზე, ტურიზმი კი ყოველთვის პირველ ადგილზეა იმ კუთხით, რომ დარტყმა პირდაპირ ტურიზმზე მოდის. ის ფაქტიც, რომ დღეს საჰაერო სივრცე შეზღუდულია, რა თქმა უნდა, პირდაპირი გავლენაა ტურიზმზე, რაც ძალიან დიდ პრობლემას შექმნის სასტუმროების, რესტორნების კუთხით. ხშირად ვსაუბრობდით, რომ საქართველოში ტურიზმის გეოგრაფიის ერთი მიმართულებით ჩამოკიდება ვერ იქნება შედეგიანი და რომ აუცილებელია განშტოებები იქიდან გამომდინარე, რომ ისეთი სამეზობლო გვყავს, ხშირია დაძაბულობა.

ეს არ არის მხოლოდ ორ ქვეყანას შორის მოქცეული დაპირისპირება, ეს უფრო ფართო დაპირისპირებაა და მიუხედავად იმისა, რომ უფრო შორს არის, უარყოფითი გავლენა უფრო დიდი იქნება, ვიდრე რუსეთ-უკრაინის ომის შემთხვევაში“, - აცხადებს შოთა ბურჯანაძე.