ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის 10 თვეში სახელმწიფო ბიუჯეტში პრივატიზაციიდან 195 მლნ ლარი შევიდა, რაც თავდაპირველად განსაზღვრული წლიური გეგმის — 200 მლნ ლარის 97%-ია.

შესაბამისად, წლის დარჩენილ ორ თვეში პრივატიზაციიდან მიღებული შემოსავლები თავდაპირველ პროგნოზს გადააჭარბებს. ამ ტენდენციის გათვალისწინებით, მთავრობა 2026 წლის ბიუჯეტის კორექტირების პროექტით პრივატიზაციის წლიური გეგმის 200 მლნ ლარიდან 230 მლნ ლარამდე გაზრდას ითვალისწინებს. ცვლილება პარლამენტს დასამტკიცებლად უკვე წარედგინა.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის გარდა, კორექტირების პროექტი კონსოლიდირებული ბიუჯეტის პრივატიზაციის შემოსავლების პროგნოზსაც ზრდის — 350 მლნ ლარიდან 480 მლნ ლარამდე. ეს უკანასკნელი 130 მლნ ლარით გაზრდილ მაჩვენებელს წარმოადგენს.

თუმცა პრივატიზაციიდან მიღებული შემოსავლების ზრდის ფონზე, სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საპრივატიზაციო პროექტი უშედეგოდ დასრულდა. საუბარია წყალტუბოს 10 ყოფილ სანატორიუმზე, რომელთა ჯამური საწყისი საპრივატიზაციო ღირებულება 49.2 მლნ ლარს შეადგენდა.

ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებული აუქციონები 15 ოქტომბერს დაიწყო და 13 ნოემბერს დასრულდა. ათივე ობიექტის გაყიდვით ინვესტორები არ დაინტერესდნენ და აუქციონები არ შედგა.

ამასთან, სანატორიუმების შეძენის მსურველებს მხოლოდ ქონების გამოსყიდვა არ ევალებოდათ. საპრივატიზაციო პირობების მიხედვით, გამარჯვებულ ინვესტორებს ობიექტების განვითარებისთვის ჯამურად არანაკლებ 314 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინათ დღგ-ის გარეშე. პროექტი ითვალისწინებდა სასტუმროების, დიაგნოსტიკური და სარეაბილიტაციო ცენტრებისა და შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას.

წყალტუბოს სანატორიუმების გაყიდვის მორიგი წარუმატებელი მცდელობა კურორტის განვითარების საკითხსაც კვლავ აქტუალურს ხდის. პროექტი „წყალტუბოს ახალი სიცოცხლე“ 2022 წელს დაიწყო. თავდაპირველად საპრივატიზაციოდ 14 ყოფილი სანატორიუმი გამოიტანეს, თუმცა კურორტის სრულმასშტაბიანი განვითარება დღემდე ვერ მოხერხდა.

ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები ინვესტორების დაბალი ინტერესის შესაძლო მიზეზებად წყალტუბოს განვითარების ერთიანი სტრატეგიის არარსებობას, არასაკმარის ინფრასტრუქტურასა და პროექტების განხორციელებისთვის საჭირო მაღალ საინვესტიციო დანახარჯებს ასახელებენ.