"საბაზრო ეკონომიკის პირობებში, სახელმწიფოს არ აქვს იმის ბერკეტი, რომ მოახდინოს ფასების შემცირება ან ერთ რომელიმე დონეზე დაფიქსირება", - ამის შესახებ ეკონომისტმა პაატა აროშიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "საქმეში" განაცხადა.

როგორც ეკონომისტმა აღნიშნა, ქვეყანაში პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების ზრდა შემოდგომა-ზამთრის გარდამავალ პერიოდთან და ბაზარზე გარკვეული პროდუქციის დეფიციტთანაა კავშირში.

"ფასების ზრდა, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხია, მაგრამ რეალურად, საბაზრო ეკონომიკის პირობებში, სახელმწიფოს არ აქვს იმის ბერკეტი, რომ მოახდინოს ფასების შემცირება ან დაფიქსირება ერთ რომელიმე დონეზე. ფასების ზრდას მე უფრო ვუკავშირებ იმ ფაქტს, რომ ჩვენ ახლა ვიმყოფებით შემოდგომა-ზამთრის საზღვარზე, ქართული პროდუქცია, რომელიც ძალიან მცირე რაოდენობით იყო ამ პერიოდში, ამოილია. ახალი პროდუქცია შემოსული არ არის და შესაბამისად, როდესაც დეფიციტი ჩნდება ბაზარზე, ფასები იზრდება. სწორედ ეს იწვევს იმ ფასების ზრდას, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ დღეს", - განაცხადა აროშიძემ.

მისივე თქმით, ფასების მზარდი მაჩვენებელი ასევე კავშირში შეიძლება იყოს ბაზარზე არსებულ მონოპოლიებთან.

"ფასები ძირითადად დაკავშირებულია კერძო სექტორთან. თუ არსებობს, დადასტურებულად ვერ ვიტყვი, მაგრამ მონოპოლისტების არსებობასთანაცაა კავშირში, კონკურენციის დაბალ დონესთან. თუ კონკურენტული გარემო გაუმჯობესდება და გაზრდილი იქნება, ეს ფასებზეც მოახდენს ზეგავლენას. საქართველოს სასურსათო ბაზარი არ არის ისეთი ფართო მასშტაბის, სადაც ძალიან ბევრი კომპანია მონაწილეობს და რა თქმა უნდა, ეს გარკვეულწილად შეთანხმებული ფასების არსებობასაც იწვევს", - განაცხადა პაატა აროშიძემ.

შეგახსენებთ, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ოქტომბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ინფლაციამ 5.2% შეადგინა. ოფიციალური მონაცემებით, ინფლაციის დონის განსაზღვრაზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათის ჯგუფში ფასების 11.7%-იანმა მატებამ იქონია. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის აპრილის შემდეგ, ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

წყარო: ბიზნესპრესნიუსი