საგზაო უსაფრთხოების მხრივ არსებული გამოწვევების შემცირების მიზნით, შს სამინისტრომ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მოამზადა, რომლის თანახმადაც, გარკვეულ დარღვევებზე ჯარიმები ორმაგდება, მათ შორის, სიჩქარის გადაჭარბებასა და საჭის მართვისას მობილურის გამოყენებაზე.
როგორც საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მევლუდ მელაძე რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას აცხადებს, შესაძლოა, ჯარიმების გაორმაგებას გარკვეული შედეგი მოჰყვეს, თუმცა, იმ რთულ ვითარებასა და სტატისტიკას, რაც ქვეყანაში გვაქვს, მხოლოდ სანქციების გაზრდა ვერ გამოასწორებს.
„დადებითი მოლოდინი არ მაქვს ცვლილებებისგან, რადგან უკვე არაერთხელ მოხდა ჯარიმების ზრდა, მაგრამ ფაქტია, საგანგაშო ციფრებს ვერ ვამცირებთ. წლების წინაც ვამბობდი და ახლაც იმავეს ვიტყვი: ყველაფერი იწყება იქიდან, რომ არ არსებობს ქვეყანაში სტანდარტი, რაზეც მძღოლების ცოდნა იქნება აგებული. ავტოსკოლებში არ არსებობს არანაირი სტანდარტი და მოთხოვნა, რომლითაც უნდა ასწავლიდნენ, ყველა თვითნებურად, როგორც გადაწყვეტს, მომავალ მძღოლებს ისე ამეცადინებს. თავად ინსტრუქტორებსაც შეიძლება არ ჰქონდეთ შესაბამისი ცოდნა, რადგან არც აქ არსებობს რაიმე სტანდარტი.
ჯარიმების ზრდას რაც შეეხება, ძალიან მარტივ მაგალითს მოგიყვანთ: მე რომ მომცენ ინსტრუმენტები და მითხრან, გულის ოპერაცია გავაკეთო, რაც არ უნდა გამიზარდონ საჯარიმო სანქცია, გულის ოპერაციას მაინც ვერ გავაკეთებ. შესაძლოა, ჯარიმების შიშმა გარკვეულწილად რაღაც შეცვალოს, მაგრამ არ ექნება ის შედეგი, რასაც აცხადებენ, - ამბობს მევლუდ მელაძე.