თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თაღლითობისთვის ნასამართლევი ბრალდებული, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრთან ერთად, მოქალაქეებს თითქოსდა მისაღებ ფასად საცხოვრებელი სახლების და კოტეჯების აშენებას და საჭირო ნებართვების და მშენებლობასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევას დაპირდა და დაზარალებულებთან ე.წ. მოჩვენებითი გარიგებები გააფორმა. აღნიშნული მოტივით ბრალდებული სხვა პირთან ერთად, მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულების კუთვნილ 355 000 ლარს.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ” ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანმხებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, არაერთგზის) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენისა და სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით.

ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს